CSR

ზაზა ფაჩულია – გზავნილი მომავალ კალათბურთელებს

ზაზა ფაჩულია – გზავნილი მომავალ კალათბურთელებს

NBA-ს ორგზის ჩემპიონი

“16 წლის წინ გავხდი NBA ოჯახის წევრი. ეს იყო საუკეთესო წლები, რომელიც მოიცავდა ძალიან დიდ შრომას, მონდომებას, ბევრ რამეზე უარის თქმას, მაგრამ სანაცვლოდ უკან დამიბრუნდა საუკეთესო მოგონებები, შევიძინე უამრავი მეგობარი, გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია თქვენი სიყვარული. მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი თანადგომის რომელსაც სულ ვგრძნობდი დიდი მანძილის მიუხედავად. არ განვიცდი რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი მოხდამადლობა”

6 სექტემბერი, 2019 

შეუძლებელია დამავიწყდეს ის წუთები, როცა პირველად მოედანზე გავედი. გასვლის დროს, ვიგრძენი დასაწყისი რაღაც განსაკუთრებულის, დიდი სიყვარული ამ საქმის მიმართ და სიხარული, რასაც ის მანიჭებდა. ეს ემოციები, ჩემი კარიერის განმავლობაში სულ ჩემთან იყო. 

ახლა, სამწუხაროდ, აღარ გავდივარ მოედანზე, რადგან ჩემი, როგორც მოთამაშის კარიერა დავასრულე. თუმცა, ის ემოციები, რასაც კალათბურთის თამაში მანიჭებდა სულ მახსენდება და ყოველთვის ჩემთან იქნება. 

ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემი პირველი მწვრთნელი მეუბნებოდა, რომ დიდი შრომის ფასად წარმატების მიღწევას აუცილებლად შევძლებდით. ამ სიტყვების შინაარსს ნელ-ნელა ვხვდებოდი. ნამდვილად ასეა, თუ ძალიან გიყვარს შენი საქმე და თავს არ ზოგავ, წარმატება აუცილებლად მოვა.

უამრავი ჩატარებული მატჩიდან, განსაკუთრებით მახსოვს – პირველი თამაში NBA-ში, როცა პირველად გავედი მოედანზე და მეორე – ფინალი, როცა ჩემპიონი გავხდი. ამ წლების განმავლობაში ყველაზე მეტად ვიამაყე მაშინ, როცა უამრავმა ქართველმა გულშემატკივარმა All-Star-ისთვის მილიონზე მეტი ხმის მობილიზება შეძლო. ალბათ, ეს იყო ყველაზე საამაყო, რაც არასდროს დამავიწყდება. 

როცა მეკითხებიან, ვინ შეიძლება ვყოფილიყავი რომ არა კალათბურთელი, ვპასუხობ, რომ –  ალბათ, მათემატიკის ყველაზე მაღალი მასწავლებელი. ეს ხუმრობით, თუმცა მართლა ძალიან მიყვარდა ეს საგანი და სიამოვნებით გავყვებოდი ამ მიმართულებას. 

მე კალათბურთმა მასწავლა ცხოვრება და ზოგადად ყველაფერი. NBA ჩემთვის არის დიდი ოჯახი, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები ამ ოჯახთან ერთად გავატარე. როცა NBA-ში ბოლო სეზონს ვიწყებდი, ჩემს Facebook-ზე ასეთი პოსტი დავწერე – “პირველად კალათბურთზე რომ შევედი, ვერც ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ სტატუსს დავწერდი. მე-16-ე სეზონი NBA-ში.” ამიტომ დღეს, ნამდვილად მჯერა, რომ შრომით ყველაფერი შესაძლებელია, იშრომეთ და ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის, ასევე ისიც გაითავისეთ, რომ თუ არ შრომობთ, სადმე აუცილებლად იქნება თქვენი თანატოლი, რომელიც შეიძლება თქვენზე უფრო მეტად არის მონდომებული. ამიტომ, არ გაუშვათ თქვენი მომენტი. 

გახსოვდეთ, თუ მოინდომებთ, ყველა წამის ნაყოფიერად გამოყენება შესაძლებელია. დღეს ინფორმაციის მიღება ძალიან ბევრ თემაზე შეგიძლიათ. ამიტომ, არ დაკარგოთ დრო და იზრუნეთ თვითგანვითარებაზე. 36 წლის ასაკში სპორტული კარიერა დავასრულე, თუმცა ვიწყებ ახალ ეტაპს – სწავლა დავიწყე სტენფორდის უნივერსიტეტში სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით. კარანტინის პერიოდში სწორედ ამ კურსს გავდიოდი და თან ჩემს შვილებს კალათბურთში ვავარჯიშებდი.  მკაცრი და მომთხოვნი მწვრთნელი ვარ მათ მიმართ, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ასაკიდან უნდა შეეჩვიონ დისციპლინას, რომელიც სპორტში წარმატების მისაღწევად მთავარია. 

წლების შემდეგ, იმედი მაქვს ძალიან ბევრ ქართველ ბავშვს ვნახავ დიდ კალათბურთში – შეიძლება იყვნენ ჩემი აკადემიის ან სხვა სკოლის ბავშვები. მე მათ ძალიან ვგულშემატკივრობ. ასევე, ვიმედოვნებ, რომ ჩემი რომელიმე შვილიც გაყვება ჩემს გზას და ითამაშებს კალათბურთს პროფესიონალურ დონეზე. ახალი თაობის წარმატებებით მე ყოველთვის ვიამაყებ. 

19.06.2020


Posted

in

by

Tags: