თიკა რუხაძე – სიყვარულის მელოდია სასახლისათვის!
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი
პატარაობისას თუ გიფიქრიათ, რომ იქნებოთ ის, ვინც დღეს ხართ? არც მე მეგონა, რომ ოდესმე განათლების სისტემაში ერთ-ერთი დიდი დაწესებულების ხელმძღვანელობა მერგებოდა და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი ბავშვების განვითარებაზე, მომავალ თაობაზე და განათლების პრობლემებზე იქნებოდა მიმართული. მოკლედ ასეა თუ ისე ეროვნული სასახლე და 350-მდე ადამიანისგან შემდგარი კოლექტივი, რომელიც 5000-მდე მოსწავლეს ემსახურება ჩემი ყოველდღიური საქმე გახდა. მასწავლებლის ოჯახში გაზრდილისთვის და თავადაც ამავე პროფესიის წარმომადგენლისთვის, ეს მაინც სიახლეებით სავსე აღმოჩნდა. მაგრამ, ჩემი, როგორც ერთი რიგითი ადამიანის ისტორიასთან შედარებით, თბილისში, რუსთაველის 6-ში აღმართული ულამაზესი სასახლის ისტორია ბევრად დიდი და ნამდვილად საინტერესოა.
საოცარი ადგილია ეროვნული სასახლე! მას ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი პიონერთა სასახლეს ეძახის. როგორც არ უნდა იყოს, ერთზე ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს ნამდვილად სასახლეა! ორი ასეული წლის განმავლობაში ამ ულამაზეს კედლებს ბევრი რამ აქვს ნანახი. ახლანდელი რუსთაველის გამზირის ისტორიაც სწორედ ამ სასახლიდან დაიწყო. ერთ დროს თბილისის გალავანს გარეთ მდებარე ადგილი მეფისნაცვლის სასახლისთვის შეარჩიეს და ააშენეს კიდეც. მერე ბევრჯერ გადააკეთეს და უკვე 1918 წელს ამიერკავკასიის სამი ქვეყნის დამოუკიდებლობაც აქ გამოაცხადეს. გავიდა დრო და აი უკვე 77 წელია აქ მოსწავლეთა აღზრდის დიდი ცენტრია. ჩვენი თანამედროვეების უმეტესობაში სასახლე ცეკვის, სიმღერისა და გართობის ასოციაციას იწვევს. თუმცა არიან ისეთებიც ვინც იცის, რომ აქ ასტრონომიიდან ავიამოდელირებამდე, ჭედურობიდან გობელენამდე, არქიტექტურიდან ხატვამდე და მათემატიკიდან ჭადრაკამდე უამრავი საინტერესო წრე და კლუბია. ქართული მეცნიერებისა და კულტურის ასეულობით დიდი ფიგურა პროფესიაში სწორედ ამ სასახლიდან მოვიდა. უკვე 90-იანებიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სასახლის ტრანსფორმაციის მცდელობა რამდენჯერმე იყო. მაგრამ ამ ადგილმა ყველაფერს გაუძლო, თავისი ადგილი და როლი ისევ არ დაკარგა. დღეს, თანამედროვე საქართველოში ეს პირველი და უდიდესი არაფორმალური განათლების ცენტრია! რატომ შეინარჩუნა? რა კეთდება და რას ემსახურება?
საზოგადოდ, Life Long learning ანუ უწყვეტი განათლების თეორიის შესაბამისად, ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ვითარდება და სანამ ეს პროცესი გრძელდება, ჩვენი ცხოვრებაც საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამ თეორიის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი საზოგადოების ინტეგრაცია თანამედროვე ევროპულ და მსოფლიო ტენდენციებთან. განათლება დღეს უმნიშვნელოვანესი ტრენდია, ტრენდი წარმატების, პროგრესის და უბრალოდ კარგი ცხოვრების ერთადერთი გარანტიაა. განათლების სისტემაში ფორმალური განათლების პარალელურად დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალურ განათლებასაც და, შესაბამისად, არსებობს უამრავი შესაძლებლობა ცოდნის გაღრმავებისა და ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებისა თუ განვითარებისთვის, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოგვადგება. მაგრამ დამეთანხმეთ, რომ განათლება უკვე პატარა ასაკიდან თუ არ დავიწყეთ, მერე ყველაფერი უფრო რთული იქნება.
თანამედროვე სამყაროში უწყვეტი განათლება საზოგადოების სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და გულისხმობს, როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებას და პროფესიული საქმიანობის პარალელურად უკავშირდება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, საზოგადოებრივ აქტივობებს, ხელოვნებას, სპორტს და სხვა დარგებს. მნიშვნელოვანია, რომ უწყვეტი განათლება შეიძლება არა მხოლოდ კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას, არამედ ჩვენი ინტელექტუალური მოთხოვნებისა და ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურებოდეს.
21-ე საუკუნემ ადამიანის ცხოვრებაში ტექნოლოგიების განვითარების მხრივ მართლაც დიდი გარდატეხა შეიტანა. ამიტომაც, თუ გვინდა, რომ ამ სამყაროში გვქონდეს რეალური წარმატების და კარგი ცხოვრების გარანტია, გზა მხოლოდ განათლებაზე გადის! მე ამის მჯერა და მწამს! დღეს მეთოდურ მიდგომებსა და პედაგოგიკაზე, სასწავლო სისტემებსა და მიდგომებზე სჯა-ბაასი ძალიან ხშირია. პირადად მე მივეკუთვნები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც მიაჩნია, რომ ნებისმიერი ფორმა და საშუალება არის კარგი განათლების მისაღებად და რადგან ის აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს წიგნს თავიდან ბოლომდე წაიკითხავთ თუ არა. რაც არ გინდათ ძალით არ უნდა აკეთოთ და არც თქვენს პატარებს უნდა დააძალოთ! ეს თქვენი და მათი უფლებაა. მითუმეტეს, როდესაც წიგნის გარდა განათლების მიღებისათვის უამრავი სხვა საშუალება არსებობს და მე ამ თეორიის მიმდევარი ვარ! ალბათ ამიტომაც გავიმარჯვე სასახლის დირექტორების მსურველთა კონკურსში.
მთავარია მიზანს მივაღწიოთ და შედეგი მივიღოთ! ეს მიზანი კი არის განათლებული მომავალი თაობა გვყავდეს. ვფიქრობ, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ დღევანდელი პატარები ასეთები იყვნენ! ეს მომავალი თაობა, ეს ახალგაზარდები ჩვენზე თავისუფალი და ხალასები არიან. ერთადერთი რაც მოგვეთხოვება, რომ უნარების გამოვლენის, მათი სურვილისამებრ განათლების მიღების საშუალება მივცეთ და მათი აზროვნება ჩარჩოებში არ მოვაქციოთ.
თუ პროცესს თავიდანვე სწორად დავგეგმავთ, პატარაობიდან, გაუცნობიერებლად, თითქმის დაბადების მომენტიდან დაიწყება ბავშვის განვითარება. ჩვენს ხელშია ბავშვების ჩვევების ჩამოყალიბება, შემოქმედებითი იდეების გამოვლენის მოტივაციის შექმნა. არ ჩაუხშოთ ბავშვს სურვილები, რაც მასში დადებით ემოციებსა და ადამიანურ გრძნობებს აღძრავს. ამ არაცნობიერი განათლების მეშვეობით ის დამოუკიდებელ პერსონად ჩამოყალიბდება და მსოფლიო პროგრესული საზოგადოების წევრი ადვილად გახდება. ამ პროეცესს ყველაზე ფორმალური და ტექნიკური ხასიათის განათლებაც კი ვერ უარყოფს. ასეთ განათლებას ჩვენგან მხოლოდ ორგანიზება ან გარკვეული მიმართულებით წარმართვა სჭირდება. თანამედროვე განათლების სისტემა დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რაც ცხოვრების მოთხოვნილებებიდან, ტემპიდან და საჭიროებებიდან გამომდინარეობს. საგანმანათლებლო სისტემები მუდმივად ვითარდება და სხვადასხვა შესაძლებლობებსა და სერვისებს სთავაზობს საზოგადოებას განათლებისა და ცნობიერების ასამაღლებლად. აი ამას ვაკეთებთ სასახლეში! ჩვენ გთავაზობთ არაფორმალურ და თავისუფალ გარემოში გაიზარდოს მოზარდი, მეტი გაიგოს და გამორჩეული იყოს საკუთარი შემოქმედების, ნიჭის, უნარის და განათლების ხარჯზე.
და ბოლო ლირიულ გადახვევას გავაკეთებ – საქმე, რომელსაც აკეთებ უნდა გიყვარდეს! ასეთი განწყობით ყველაფერი გამოვა. პირველადი პროფესიით მუსიკოსი ვარ და თითქმის ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში შესაფერისი მუსიკალური ფონი აქვს. ისე გამოვიდა, რომ საქმეს რეფრენად სიყვარულის ლაიტმოტივი გასდევს. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც გიყვართ სასახლის შენობა და ყველაფერი რაც იქ ხდება! ჩემთვის დიდი ხნის წინ დაიწყო სასახლის სიყვარულის ისტორია და ამ ამბავს აუცილებლად კეთილი ბოლო ექნება, რადგან ბავშვები სიკეთესა და ბედნიერ მომავალს იმსახურებენ. ისინი ზედმიწევნით ზუსტად გრძნობენ ნამდვილ სიყვარულს!
და თუკი თქვენ ჯერ არ მოგისმენიათ სასახლის სიყვარულის მუსიკალური თემა, შემოგვიარეთ რუსთაველის 6-ში, მოგასმენინებთ!
25.10.2018