CSR

შორენა ცხოვრებაშვილი – არ არის ძალა, რომელიც ბუნებას შეაჩერებს!

შორენა ცხოვრებაშვილი – არ არის ძალა, რომელიც ბუნებას შეაჩერებს!

ჟურნალისტი, „ეკომედიის“ დამფუძნებელი

მე ნაფეტვრებში ვცხოვრობ.

ეს თბილისთან ახლოს ახლად დასახლებული ტერიტორიაა. ნაფეტვრები ვერეს ხეობას მიუყვება. გზა ღრმა და მწვანედ დაბურულ ხევს უვლის. რამდენიმე წელია მწვანე ხევი სამშენებლო ნაგავსაყრელად იქცა, ამოივსო და ახლა უკვე იქ ნაგვის უზარმაზარი მთაა. წლებია, მე და ჩემი მეზობლები ვიბრძვით ამ კატასტროფის შესაჩერებლად, თუმცა – უშედეგოდ. ეს კატასტროფა ადრე თუ გვიან აუცილებლად იფეთქებს… რადგან არ არსებობს ძალა, რომელიც ბუნებას წინ აღუდგება. მან ხომ ჩვენ უახლოეს წარსულში მწარედ და მტკივნეულად წაგვლეკა.

მე ტელევიზიაში ვმუშაობ. შაბათის ჩვეულებრივი საღამო იყო, უბრალოდ არანორმალურად გაწვიმდა. ყველაზე ახლოს ვიყავი იმ ტერიტორიასთან, რომელიც ასეთი გიჟური წვიმის დროს იტბორება, ამიტომ მორიგე ჟურნალისტს დავურეკე, რომ წამოსულიყო სვანიძის ქუჩაზე, ძაღლების თავშესაფარში და კიდევ ერთი ოპერატორი გამოვიძახე ჩემთვის. სვანიძეზე რომ მივედით, თავშესაფრამდე ვერც ჩავაღწიეთ, ქუჩა წყლით ივსებოდა და ძალიან მალე უბრალოდ გაქრა. მე და ოპერატორმა მშენებარე სახლის მეორე სართულზე ავირბინეთ და იქიდან დავიწყეთ გადაღება. მანქანები, რომლებიც ქუჩაზე იდგნენ ასანთის კოლოფებივით ცურავდნენ წყალში და ერთმანეთს ეხეთქებოდნენ. ერთ-ერთ მანქანაში ახალგაზრდა ქალი იჯდა და მცირეწლოვან ბავშვს იხუტებდა. ხალხის ყვირილი ისმოდა ჩაძირული ქუჩიდან. ვერ ვპოულობ სიტყვას, რომელიც იმ ღამის ჯოჯოხეთს, შიშს, სასოწარკვეთას, უმწეობას და ერთიანობას გადმოსცემდა. ყვიროდა ხალხი და გუგუნებდა ცა.

წვიმამ და ქუჩაზე წყლის დონემ რომ იკლო, მე და ოპერატორი ჩამოვედით მშენებარე კორპუსიდან და ქუჩას ჩავუყევით. უკუნ სიბნელეში ოჯახის წევრები, მეგობრები, უცნობები ერთმანეთის გადარჩენისთვის იბრძოდნენ. ჩვენ უკვე აღარ ვიღებდით, ჩვენი კამერით სახლის სახურავებზე შერჩენილ ადამიანებს და მათ დასახმარებლად მისულებს გზას ვუნათებდით. იმ ღამეს ვერეს ხეობიდან თბილისში სიკვდილი მოვიდა.

13 ივნისის ღამის სტიქიის დროს  21 ადამიანი დაიღუპა, 2 ადამიანი კი დაიკარგულად ითვლება. თითქმის მთლიანად განადგურდა ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, ნაწილმა ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა. ათეულობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

შაბათის ერთ ჩვეულებრივ საღამოს ძალიან ტრაგიკული ღამე და გლოვის დილა მოჰყვა. რა იყო 13 ივნისი? უბრალოდ ძლიერი წვიმა? ეს იყო პასუხი ჩვენს საქციელზე. მოქმედებაზე, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ.

ნაფეტვრების გზაზე ნაგვის მთა იზრდება. მე და ჩემი მეზობლები წლებია ვიბრძვით, თუმცა კვლავ უშედეგოდ. ეს კატასტროფა ადრე თუ გვიან აუცილებლად იფეთქებს, ადრე თუ გვიან დაგვიბრუნებს პასუხს, რადგან არ არის ძალა რომელიც ბუნებას შეაჩერებს.

19.06.2019


Posted

in

by

Tags: