ნინო ქაჯაია – „მთავარია მოინდომო და უცილებლად გამოგივა“ 2018-04-02T17:54:09+00:00

ნინო ქაჯაია – „მთავარია მოინდომო და უცილებლად გამოგივა“

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთერთობის საკითხებში

პირველად  კომპანია „ბორჯომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა „ბორჯომის“ სოციალური პროექტების ვებ  – გვერდისთვის განათლებასა და ინსპირაციაზე ბლოგის დაწერა რომ შემომთავაზა, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. თუმცა, როდესაც წერის დრო მოვიდა, ცოტა შევწუხდი, განა რა უნდა დავწერო მე ახალი და ორიგინალური განათლების მნიშვვნელობასა და აუცილებლობაზე, რაც ჩემამდე, ბევრად უფრო ჭკვიან და გამოჩენილ ადამინებს, პროზაში, პოეზიასა თუ პუბლიცისტიკაში საუკუნეების განმავლობაში  არ დაუწერიათ და გამოუქვეყნებიათ. მაგრამ რაკი ნიცას დავპირდი, რომ თებერვლის დასაწყისისთვის გადავუგზავნიდი ბლოგს პირადი გამოცდილებით, ფოტოსურათითა და თანამდებობის მითითებით, დიდი არჩევანი აღარ მაქვს, ამიტომ თავმდაბლობასა და სიზარმაცეს დავემშვიდობები და დავიწყებ.

რაც შეეხება პირად გამოცდილებასა და ინსპირაციას: 8 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა სწავლა და მუშაობა მოსკოვში განაგრძეს და შესაბამისად, მე და ჩემი ძმაც თან წაგვიყვანეს. ალბათ, დაახლოებით წარმოიდგენთ მესამე -კლასელი ბავშვისთვის როგორი რთული და სტრესულია, როდესაც შუა სასწავლო პროცესში, ქართული სკოლიდან, სადაც უკვე ადაპტირებულია,  სწავლაში წარჩინებულია, ჰყავს საუკეთესო მეგობრები, მასწავლებლებს უყვართ და სწავლის პროცესიც მარტივად აღსაქმელი და გასაგებია, ხვდება სრულიად უცხო, კარდინალურად განსხვავებულ გარემოში. კიდევ დაგიმძიმებთ და მოგიყვებით რომ ყველა საგნის არამშობლიურ ენაზე შესწავლას, რუსი მასწავლებლების უმკაცრეს ტონსა და სწავლების თავისებურ მანერას თან ერთვოდა ბავშვების მომართვა:„ გრუზინკა“ და ამ თემაზე მათი ინსინუაციები. დღეს უკვე „დიდი გოგო“ მაშინდელ ჩემს თავს ვიხსენებ და ვუყურებ, ალბათ, სწორედ ეს  სირთულეები გახდა ჩემი ინსპირაცის წყარო, რომ სრულიად უცხო გარემოში კვლავ წარჩინებული მოსწავლე გავმხდარიყავი. ამდენი წლის შემდეგაც, ზუსტად მახსოვს ის შეგრძნება თუ როგორ ვნერვიულობდი დიქტანტების წინ, განსაკუთრებთ პირველ თვეებში, ენის ბარიერის გამო როგორ არ მესმოდა გაკვეთილის ნახევარზე მეტი. დაფასთან გასულს თანაკლასელები როგორ მეუბნებოდნენ „ ოიი გრუზინკა, ნუ ეტო ნე პრავილნო“.. მაგრამ ძალიან მალე მივხვდი, რომ „დიქტანტებზე“ განცდებსა და ჩემს თანაკლასელებს ვერ გადავაყოლებდი საკუთარ ნერვიულ სისტემას და, ალბათ, ეს გამოწვევა აღმოჩნდა პრინციპული დამეძლია  შიში, რომ მე ვერ შევძლებდი სწავლას ან რაიმე არ გამომივიდოდა. მოკლედ, თქვენ არ ინერვიულოთ და როდესაც მოსკოვში რვა კლასის დასრულების ატესტატი გადმომცეს, სულ ხუთიანები ეწერა ( ახალი თაობისთვის ათიანები), ხაზვის გარდა, სადაც რატომღაც სამიანი გამომყვა.

 

მაგრამ ჩემი „ სწავლის ძირი მწარე არის“ ამით არ დასრულებულა და ჩემი მეორე სერია იქ დაიწყო, როდესაც მოსკოვიდან ისევ თბილისში დავბრუნდით და მე  სწავლის გაგრძელება ქართულ სკოლაში გადავწყვიტე. თავიდან ჩემს გადარწმუნებას ცდილობდნენ, მეუბნებოდნენ გაგიჭირდება, ძალიან რთული იქნება, იწვალებ, ვერ შეძლებ, მაგრამ იმდენად მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ყველას ვარწმუნებდი,  საკუთარ ქვეყანაში საკუთარ ენაზე როგორ ვერ ვისწავლი მეთქი!!! და ასე პატრიოტული შემართებით წავედი ჩემს „ქართულ“ სკოლაში და კლასში, სადაც პირველ-მეორე კლასში ვსწავლობდი.

სანამ სკოლაში წამომყვებით, მოკლედ გიამბობთ, რომ  16 წლის ასაკში, ჩემი ქართული ენის წერა-კითხვა დაახლოებით იმით შემოიფარგლებოდა, რაც მესამე კლასამდე ვისწავლე. მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, მოკლედ ყველა საგანი გავლილი მქონდა რუსულად. ყველა წიგნი, იყო ეს მსოფლიო ლიტერატურა, თუ „ვეფხისტყაოსანი“ წაკითხული მქონდა რუსულად. ქართულად საუბრისას ცოტა  აქცენტიც მქონდა და ინგლისური ენიდან თარგმნისას, ჯერ რუსულად ვთარგმნიდი და შემდეგ – ქართულად.

ასეთი მივედი მეცხრე კლასში, ქართულ სკოლაში და დღესაც მახსოვს პირველი გაკვეთილი  ქიმიის იყო. ჯუმბერი მასწავლებელი მთელს სკოლას აზანზარებდა, ისე ეშინოდათ მისი. დაფაზე დაწერა წყალბადის ზეჟანგის ფორმულა და მკაცრად  იკითხა: აბა ეს რა არისო, კლასში სამარისებური სიჩუმე… არავის უნდა შარი და ამასობაში, მე მოტივირებულმა, აქტიურმა, რუსეთში ქიმიაში ხუთოსანმა ავწიე ხელი…  სათვალის ზემოდან გადმოხედვით და თავის გაქნევით დაფასთან გამიძახა: აბა რა არის ეს?: „აშ დვა ო დვა“, ძალიან ამაყად სხაპასხუპით ვუპასუხე. რაიოოო მკითხა მან? „აშ დვა ო დვა“-ისევ გავუმეორე. „გოგოოოო, ქართულად მითხარი, „რა აშ დვა ო დვაა “…  არასდროს დამავიწყდება ის შეგრძნება, რომ იცი და ვერ ამბობ, მთელი კლასის წინ რომ დგახარ და ვერცერთ ფორმულას ვერ ასახელებ, იმიტომ რომ სხვა ენაზე იცი..

იმ წუთას კი ძალიან შემრცხვა, თან გავბრაზდი, მაგრამ მერე სახლში მისულმა საკუთარ თავს ვუთხარი: კარგი რა ნინო, ერთხელ ეს ხომ გავიარეთ! მოსკოვში  შეძელი წარმატებით სწავლა და შენს ქვეყანაში შენს ენაზე როგორ ვერ უნდა შესძლო, სირცხვილი არაა! და ისევ თავიდან და ისევ ნულიდან დავიწყე ყველაფერი. მართლა დღე და ღამეს ვასწორებდი, იმდენს ვმეცადინეობდი, წარმოიდგინეთ, ორ წელიწადში მშობლიურ ენაში უნდა მესწავლა ყველაფერი, რაც ჩემმა კლასელებმა შვიდ წელიწადში შეისწავლეს: გრამატიკა, ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, ყველაფერი ძალიან რთული იყო, მაგრამ არაფერი შეედრება იმ სიხარულს და საოცარი შენაძენის შეგრძნებას, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის, ილიას, ვაჟას, ყაზბეგის, აკაკის თუ სულხან-საბას  წაკითხვისას მეუფლებოდა. რა შეედრება იმ სიხარულს, როდესაც თავიდან გაიგებ და აღმოაჩენ ადრე რუსულად წაკითხულ ვეფხისტყაოსანს… ამ სიხარულს ვერცერთი სირთულე, დაუსრულებელი მეცადინეობა და დაღლა ვერ გადაწონის.

 

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ ორ წელიწადში გავიარე მთელი შვიდი კლასის და კიდევ თავისთავად მეცხრე-მეათე კლასის ქართული სასწავლო პროგრამა, წარჩინებით დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ქართულ ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მარწმუნებდა  შეუძლებელიაო, სიგიჟეა და წარმოუდგენელია.

მერე კი თხუთმეტი წელი ვიმუშავე ტელევიზიაში. ვიყავი ახალი ამბების კორესპოდენტი, გადაცემების წამყვანი, მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნების შესახებ ვამზადებდი დოკუმენტურ ფილმებს და ა.შ. მოკლედ, ეს ყველაფერი ასე ვრცლად და ხატოვნად იმიტომ მოგიყევით, რომ საკუთარ მაგალითით დაგარწმუნოთ, შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება. არ დაიზაროთ! ადამიანს გააჩნია საოცრად დიდი პოტენციალი და უნარი ისწავლოს, გაიგოს და შეიმეცნოს ახალი. არასდროს არ თქვათ და იფიქროთ, რომ რაიმე ცოდნა არ გამოგადგებათ, ან ამაოდ ხარჯავთ დროს სწავლასა და მეცადინეობაში.  განათლება არის ის სიმდიდრე, რომელსაც ვერასდროს ვერავინ წაგართმევთ და სულ თქვენთან დარჩება.

ჩემი ჟურნალისტური კარიერის მანძილზე უამრავ ადამიანს შევხვედი, ავიღე ინტერვიუ და ათასობით მაგალითი და ისტორია შემიძლია მოგიყვანოთ ამ სიტყვების დასადასტურებლად, მაგრამ ამას ეს ბლოგი არ ეყოფა. ამიტომ სიტყვაზე მენდეთ, რომ განათლებასთან ერთად ცხოვრება უფრო მშვენიერია!

ეს თქვენთვისაა, მათთვის ვისთვისაც სულერთი არ არის.

06.03.2018