მე შენ გიჩვენებ სეირს ! 2018-04-02T18:04:00+00:00

ეკა ხოფერია – „მე შენ გიჩვენებ სეირს !”

ჟურნალი სითის დამფუძნებელი

ერთ საღამოს მესინჯერში ნინო მასი ჩემს ვიდეოებს მიგზავნის. ნინო მასი    ცურვას მასწავლის და არ არსებობს დღეს ჩემთვის მასზე მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული პერსონა მსოფლიოში! ის მე სწორ და ლამაზ  ცურვას მასწავლის.

ცურვა როგორ არ ვიცი, აფხაზეთში არდაბადებული, მაგრამ ლამის გაზრდილი ბავშვი ვარ.  ჩავდიოდი ჩემს დებთან ერთად მაისის 26-ში, არდადეგების დაწყებისთანავე გვიკრავდნენ თავს ბებიებთან გაგრაში და უკან 31 აგვისტოს შავები და გაზმანულები” ვბრუნდებოდით.

ვიყავი ასე 5 წლის, სავარაუდოდ,  ივნისის თვე იყო და გაგრაში დეიდაჩემთან ლიტველი თუ ესტონელი ოჯახი ჩამოვიდა სტუმრად:  დედა, მამა და პატარა გოგო. გოგოს რა ერქვა არ მახსოვს, ჩვენ დავმეგობრდით. სულ 3-4 დღით იყვნენ ჩამოსულები და მათ სტუმრობას გაგრაში წვიმიანი დღეები დაემთხვა.  დიდი გამომგონებელი და მატყუარა ბავშვი ვიყავი და პატარა ლიტველ გოგოს წავეტრიპაჩე, ცურვა ვიცი-მეთქი. ვიცოდი, ორ დღეში მიდიოდნენ, გარეთ წვიმდა და ტყუილში ვერ გამომიჭერდნენ.

მეორე დღე იყო ისეთი მზიანი, როგორც არასდროს. სტაცეს ხელი სტუმრებმა პირსახოცებსა, შამპანიურის” ვაშლებს და ზღვისკენ აიღეს გეზი. ეკასაც წავიყვანთო, ცოდოა ბავშვი, მარტო ხომ არ დარჩება სახლშიო-უთხრეს ჩემებს და წავედით. ლერმონტოვის 9-დან ზღვის სანაპირომდე სულ 10 წუთის ფეხით სავალი გზა იყო, ტვინში ათასგვარი სცენარი ტრიალებდა, როგორ გამომძვრალიყავი ჩემს მიერ დაგებული ხაფანგიდან. შანსი 0 მქონდა.

გავიძრეთ სარაფნები და დავდექით სანაპიროზე. ქერა ლამაზი  გოგო გამომცდელი თვალებით მიყურებდა, თვალს არ მაცილებდნენ მისი მშობლებიც-რა ვიცი, რა იყო ასეთი ექსტრაორდინალური 5 წლის მოცურავე ბავშვში,  ვერ გეტყვით.

მართლა არ მახსოვს რას ვეუბნებოდი ჩემს თავს, მაგრამ გადავწყვიტე შესვლა და რომც დავმხრჩვალიყავი ,უკან არ დავიხევდი. შევედი, შევედი, ჯერ  ფეხის თითებზე ვიდექი და მერე სადღაც ფსკერიც გაქრა და მოვიდა, მაგრამ რა მოვიდა-ენითაუწერელი თავისუფლებისა და სრიალის შეგრძნება. ღმერთო, უბედნიერესი ვიყავი. ის გოგოც დამავიწყდა, მისი მშობლებიც და საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა, რომ აღარასდროს არ წავიტრაბახებდი არაფერს. ოდნავ გრილ კამკამა წყალში მივცურავდი და ვერაფერს ვფიქრობდი, მხოლოდ შევიგრძნობდი!

მერე იყო ზღვა და სიგიჟეების მრავალი წელი- აბობოქრებულ ტალღებში შეცურვა, სიმაღლეებიდან  გადახტომა, ყვინთვა, სუნთქვის შეჩერებაზე ნიძლავები და რა ვიცი ყველაფერი ის, რასაც ზღვის მოყვარულები ვაკეთებდით ხოლმე  ზღვაზე.

45 წლამდე მეგონა, ყველაზე მაგარი ვიყავი. ცივი წყალი რა თქმა უნდა ჩემმა პატარა ბიჭებმა გადამასხეს-შემხედეს და  მითხრეს, ეს რა უცნაურად ცურავო, ანუ არასწორადო. არაფერს ამბობდა, მაგრამ მზერით ეთანხმებოდა ბიჭებს მამა, კიდევ ერთი სწორი ცურვის მიმდევარი ოჯახში. მე თქვენ გიჩვენებთ სეირს-მეთქი, გავიფიქრე  და ვიპოვე ნინო გამზარდია . უკვე თვეზე მეტია , რაც ჩემს ნინოს მასს ვაწვალებ .

ფეხები! ხელები! ზურგი! სუნთქვა!” – მახსენებს პერიოდულად ნინო და საილუსტრაციოდ ჩემს ვიდეოებს მიგზავნის. ჯერ კიდევ რთული და გრძელი გზაა გასავლელი, თუმცა  ნელნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ვუახლოვდები ნორმალურ ცურვას. ჩემი დროც მაქვს დანიშნული _ ზაფხულში საჩვენებელი გამოსვლა მექნება ბიჭებისთვის, თუ იმ დროისთვის აუზში მათსავით ჩახტომაც ვისწავლე, ხო გადასარევი.

რატომ მოვყევი ამ ამბავს? იმიტომ, რომ არასდროს არაფრის დაწყება არ არის გვიან! და თუ ფიქრობთ, რომ გვიანია, საკუთარ თავს შემოუძახეთ : მე შენ გიჩვენებ სეირს!” და მერე დამელაპარაკეთ.  

02.04.2018