მარიამ ივანიძე – „არ შეწყვიტო ოცნება“ 2018-12-12T02:41:31+00:00

მარიამ ივანიძე – „არ შეწყვიტო ოცნება“

სტუდენტი, IDS ბორჯომი საქართველოს სოციალური მედიის სპეციალისტი

არასდროს მიფიქრია, რომ იღბლიანი ვარ. უფრო სწორად, ჩემს იღბლიანობაზე და უიღბლობაზე სერიოზულად არ დავფიქრებულვარ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ არასდროს არაფერი მომიგია სხვადასხვა გათამაშებაში, ბანქოს თამაშისას მხოლოდ 6-იანები მწყალობდნენ და ერთ-ერთ წელს ზედიზედ ორმა სეკრეტ სანტამ დაივიწყა ჩემთვის საჩუქრის გამოგზავნა – ბოლოს მივედი დასკვნამდე, რომ უიღბლო თუ არა, არც იღბლიანი მეთქმოდა.

თუმცა, იღბლის განსაზღვრება ვფიქრობ სხვა, უფრო სერიოზულ რამეებს უნდა მივანდოთ და ამას მაშინ მივხვდი, როცა სულ რაღაც ორი თვის წინ, 19 წლის, ჯერ კიდევ ბევრი რამის უნახავმა სტუდენტმა გოგონამ “IDS BORJOMI”-ს ოფისში შევდგი ფეხი.

ყველაფერი კი ასე დაიწყო.

2016 წელი დგებოდა. 17 წლის ვიყავი, სკოლაში ვსწავლობდი და ჩემს მშობლიურ, ულამაზეს ქალაქ ბორჯომში ვცხოვრობდი. ყოველთვის საუკეთესო მოსწავლე ვიყავი და ჩემთვის ერთადერთი ნამდვილი გასართობი კითხვა – ანუ სრულიად სხვა სამყაროში მოგზაურობა იყო. „ბორჯომის ტრენინგ ცენტრში“ სხვადასხვა კურსზე დავდიოდი დამატებითი ცოდნის მისაღებად და სწორედ ის იქცა იმ საჭირო ადგილად, რომელშიც საჭირო დროს მოვხვდი. ერთ დღეს კომპანიიდან ჩამოვიდნენ და კონკურსი გამოაცხადეს – ბორჯომის სამოგზაურო ფეისბუქ-გვერდის მმართველის არჩევა სურდათ. არ მახსოვს ზუსტად რამდენმა გამოვთქვით სურვილი, მახსოვს რომ, ბევრ ბავშვთან ერთად ვიჯექი ოთახში და ვწერდი ტესტს, სადაც არ არსებობდა სწორი პასუხები, მთლიანად შენს კრეატივს და ლოგიკას უნდა მინდობოდი. დიდი მოლოდინი არ მქონია, მე ხომ ვთვლიდი რომ იღბლიანი არ ვიყავი. მაშინ ციფრული მარკეტინგი გაგონილიც არ მქონდა, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა მე გამემარჯვა. ცენტრმა საახალწლო კარნავალი გამართა, კონკურსის შედეგებიც იქ უნდა გაგვეგო. ძალიან ვნერვიულობდი, მაშინ პირველად ვცადე ჩემი ხელით ნამდვილი მაკიაჟის გაკეთება. მოკლედ, დიდი დღე იყო. კარნავალზე მშვენიერი დრო ვატარეთ. დასასრულს მიკროფონი მოიმარჯვეს, რომ გამარჯვებული დაესახელებინათ, თითქოს გულში რაღაც ვიგრძენი, მაგრამ მაინც ყურებს არ ვუჯერებდი, როცა ჩემი სახელი და გვარი თქვეს. ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება, ჩემთვის დაუვიწყარი და ყველაზე იღბლიანი დღე.

ახლა 19 წლის ვარ, მეორე კურსის სტუდენტი, უკვე კარგად ვიცი, რა არის ციფრული მარკეტინგი, რადგან ახლა ბორჯომის მყუდრო სახლიდან აღარ ვმართავ ერთ გვერდს, ახლა კომპანიის მყუდრო ოფისის კარი გაიღო ჩემთვის. ვსწავლობ ბიზნეს ადმინისტირება – მენეჯმენტს და კომპანია, რომელშიც ვმუშაობ იდეალური გარემოა იმისთვის, რომ ჩემი ცოდნა პრაქტიკული ჭრილით დავინახო და გამოვიყენო, აქ ბევრ რამეს ვითვისებ და უფრო და უფრო მეტად ვიზრდები. რომ არა მე11 კლასელი მარიამის საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრა თითქმის სამი წლის წინ, ახლა ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

სიმართლე გითხრათ, დღემდე არ ვიცი რამდენად იღბლიანი ვარ ან იღბალი ზუსტად რაში გამოიხატება, მაგრამ მგონია, რომ როცა ოცნებობ, შრომობ და შენი მიზნების მისაღწევად იბრძვი, იღბალი საჭირო დროს გამოჩნდება და აუცილებლად გაგიმართლებს. მე გამიმართლა, რადგან რთული პერიოდების მიუხედავად, არასდროს შემიწყვიტავს ოცნება, არასდროს დავეჭვებულვარ, რომ ერთ დღეს აუცილებლად ის ვიქნებოდი, ვინც მინდა რომ ვიყო, არასდროს არაფერი გამიკეთებია ძალით, მხოლოდ მაშინ გამოგდის ყველაფერი კარგად, როცა გულით აკეთებ. ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვისწავლო, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რაც უკვე შევძელი.

და ჰო, ყველაზე მთავარი რამ – გჯეროდეთ საკუთარი თავის! ნუ იქნებით მხოლოდ სწავლის ან იღბლის იმედად, მთავარი ეს არ არის, მთავარი შენ ხარ! ჰო შენ, თინეიჯერო გოგონა, ან ბიჭუნა, რომელსაც დიდი მიზნები აქვს, რომელსაც ხშირად ალბათ ვერ უგებენ, რომელიც ზოგჯერ იკარგება და აღარც კი იცის რა უნდა – ნუ დაელოდებით, რომ შეგამჩნიონ, ან შეგაქონ, ნუ დაუცდით განსაკუთრებულ მომენტს, გჯეროდეთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ და ახლავე დაიწყეთ ბრძოლა თქვენი ოცნებების ასახდენად!

12.12.2018