მანანა მანჯგალაძე – რაღაც ჩემზე და ალბათ, ყველზეც
ჟურნალისტი
წარმატება როგორ არ მქონია, მქონია… მაგრამ ამ წარმატებას ან იქნება გამარჯვებასაც წინ ყოველთვის უძღვოდა წარუმატებლობა, წინააღმდეგობა, მარცხიც კი. წარმატებაც პირობითია, ვიღაცისთვის შეიძლება არც არაფერი იყოს, შენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია… მე კი მგონია რომ ამ წარუმატებლობამ და დაბრკოლებამ ხშირ შემთხვევაში სხვა რამ მოიტანა. გადაფასება-შეფასება, მერე ზუსტი და უფრო ნაფიქრი ნაბიჯების გადადგმა. მთავარი იყო წარუმატებლობის, წინააღმდეგობის მიმართ შემგუებელი არ გავმხდარიყავი. ეს იმდენად მაწუხებდა, თავიდან ყველას ვადანაუშაულებდი საკუთარი თავის გარდა, სულ მქონდა არგუმენტები და თავს ვიმართლებდი, მერე ვხდებოდი თუ ვინმეს შეეშალა, თუ ვინმემ დააკლო რამე ამ საქმეს მე ვიყავი. მერე როცა წარუმატებლობის შეგრძნება მტოვებდა ვხვდებოდი როგორ დამეხმარა ეს ყველაფერი წამოდგომაში, საკუთარი თავის პოვნაში, თურმე „არ ვყოფილვარ სუსტი და ასე შემდეგ… ხშირად ასეთ დროს სხვასაც ვუმტკიცებ რომ „ის“ ჩემში შეცდა.
პროფესიაში ეს ძალიან გამომადგა. ერთხელ როცა უარი მტკიცეს და მითხრეს „არა” ჩემთვის ვიკითხე: მე? რატომ? და მერე კი გავაგრძელე დღის და ღამის გასწორება, იყო უძილო ღამეები, გადაბიჯება „მე ეს არ შემიძლიაზე”, მიტირია, მტკენია, მისწავლია და მდომებია რომ ამ საქმეში კიდევ უფრო მეტი მცოდნოდა. ბოლო კი იცით როგორი იყო? რამდენიმე წლის შემდეგ იმ ადამიანმა რომელმაც არა მითხრა სამსახური შემომთვაზა, გავიდა კიდევ რამდენიმე წელი და როცა ეთერში დავჯექი დამირეკა, მომილოცა და მითხრა „ეს ის იყო რაც მე გამომდიოდა და ჩემი იყო“. ასე მოვიდა „ჩემი გამარჯვება“.
იცით ყველაზე მეტად რისი მეშინია? წარმატების. კი კი წარმატების… ბევრი რამის გამო. ჯერ ერთი ჩემი თავისაც მეშინია არ შემეშალოს ან უბრალოდ არ დავიჯერო რომ „მაგარი ვარ“. ეს არც სხვისი მიყვარს და საკუთარ თავში რომ დავიჭირო ძალიან შემაწუხებს. ალბათ ამიტომაც სულ მერთვება კონტროლის ჭანჭიკი. იმასაც ვატყობ რომ რაც ასაკი მემატება ეს შიში და დაძაბულობა ისე აღარ მაწუხებს, გავიზარდე და აწი თავში რაღა უნდა ამივარდეს))))
კიდევ მგონია რომ როცა რაღაც რუხი პერიოდი დგება და ეს დრო ყველას ცხოვრებაში დგება, ეს გარდამავალი ეტაპი ისე უნდა გავიარო რომ არ გავბოროტდე, სხვისი წარმატება, წინწასვლა არ უნდა მეწყინოს, არ უნდა გამაბორტოს, რატომ ის და რატომ მე არა… ეს ყველაზე საშიში მგონია. ეს ის არის, რაც ცხოვრებაში უკან გწევს და შენზე აისახება, სახის ნაკვთებშიც კი ჯდება და თუ დიდხანს გაგრძელდა შესაძლოა სიბერის დროს ზუსტად ისეთი სახე გქონდეს, როგორიც გახდი. ხოდა ასე ჩასაფრებული ვუყურებ ჩემს თავს მიხაროდეს სხვისი სიხარული, ბევრი წარმატებული მყავდეს ირგვლივ, ბევრი შემდგარი, ბევრი გონს მოსული და ბედნიერი..
მჯერა, როგორ გარემოსაც შეიქმნი, როგორ ადამინებსაც შემოიკრიბავ ირგვლივ, ისეთივე იქნები შენც. ამიტომაც, როგორც ერთხელ ერთმა ჩემმა რესპონდენტმა მითხრა „წარმატებას მარტო არ ქმნი, წარმატებაში ყოველთვის ვიღაც გეხმარება“ ეს რომ გაითავისა, მერე თვითონაც ისევე დაიწყო სხვისი დახმარება როგორც ერთხელ მას დაეხმარნენ… და მგონია რომ ყველაზე მაგარია როცა ეს შეგიძლია…
29.05.2019