მადლობა იზიკო 2018-09-13T09:58:29+00:00

ნანუკა ჟორჟოლიანი – მადლობა იზიკო

ჟურნალისტი

წყალტუბოში, ქუთაისის ქუჩაზე, ადრე აღმასკომის და ახლა მგონი გამგეობის  უკან იდგა ძალიან პატარა კორპუსი. შესაბამისი ზომის ეზოთი, რაც კიდევ უფრო მჭიდროს ხდიდა სამეზობლოს ურთიერთობას. ყოველგვარი მცდელობის გარეშე იგებდი ვისი ქმარი როდის მოდიოდა, ვინვის საყვედურობდა. ამ კორპუსის წინ, დიდი თუთის ხე ჩრდილს ქმნიდა და ყოველ საღამოს, მთელი ეზოს ამბები იქ ირჩეოდა.

პირველ სართულზე ცხოვრობდა იზიკო. (იზა თალაკვაძე) ჭაღარას არ იღებავდა, მუსიკალური სკოლის დირექტორი იყო და, იმ თუთის ხის ქვევითაც ვერავინ ბედავდა არ დაედასტურებინათ  ამბავი, რომ მუსიკალური სკოლის რენესანსი ხანა,  სწორედ იზიკოს უკავშირდებოდა.

 

ყოველ საღამოს, დამაყენებდა თუთის ხესთან და მთელ ეზოს აიძულებდა ტაში დაეკრათ ჩემს მიერ უკვე ასჯერ წაკითხულ ლექსზე. ტაში ისე მაგიჟდებდა რომ ყოველ დღე, ახალ და ახალ ლექსს ვსწავლობდი დასახალხო ჩვენებამდე”, სარკეში, გამოთქმით ვკითხულობდი. ყოველი ასეთი წარმოდგენის შემდეგ იზიკო მეუბნებოდა რომ ჩემში იყო რაღაც განსაკუთრებული. “ მოვა დრო, შენ ისეთი გოგო დადგები, როცა ეს ადამიანები ჩემს გარეშეც დაგიკრავენ ტაშს და მაშინ, არ დაგავიწყდეს ეს თუთის ხე

გეგონება ეს სიტყვები ჩემს ცხოვრებას დააწერა იზიკომ. არაფერი ისე ზუსტად არ მახოვს ჩემი ბავშვობიდან როგორც მისი გარეგნობა, ხმა,  ხელის თითები, მუდამ მოვლილი სახლი, მისი შვილები, რომლებიც სულ კითხულობდნენ და ეს, ძალიან გამორჩეულს ხდიდა მათ.

დილით, ადრე დგებოდა. ქმარს, რომელიც ძალიან სიმპატიური და ცოტა მექალთანე იყო სახლიდან გაწკიპინებულს უშვებდა. მუდამ თეთრი , ან ცისფერი პერანგით, რაც  სისუფთავეს კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს. თვლიდა რომ განათლება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაყად მიყვებოდა თამრიკომ რა წაიკითხა, (არ ვიცი მაშინ რას ვიგებდი) და ქეთინომ როგორ გააკვირვა მასწავლებელი.

 

ჩამკიდებდა ხელს, ტყით გადავჭრიდით გზას და მივიდოდით სკოლაში, სადაც , მისი ცოტა ეშინოდათ. საქმიანობას თაროებზე თითის გადასმით დაიწყებდა. შემდეგ, ყველა მოსწავლის ამბავს მოიკითხავდა, (რომელიც ყველაზე კარგად იცოდა) და ბოლოს მორწყავდა გვიმრებს ქოთანში, რომელიც სახლში  ბევრი ჰქონდა.

არაფერი ისე ხშირად არ მახსენდება, როგორც იზიკო. ბავშვობაში ისე დამარწმუნა , მის ჯადოსნურ სიტყვებში, რომ ყველაფერი გავაკეთე, პატარა ეზოში გაზრდილმა გოგომ, რომ თუთის ხესთან მყოფი ადამიანები, აუდიტორიად გადამექცია და დარწმუნებული ვარ, წარმატებას აღწევენ ისინი, ვისაც ერთი იზიკო მაინც ყავს.

ყველა ადამიანი განსაკუთრებულია. უბრალოდ, ამის , კიდევ ვიღაცას უნდა ჯეროდეს, რომ ოდნავ მოგვიანებით ეს ყველაფერი ერთ ენერგიად აქციო. ამ ენერგიების ერთობას ქვიასაკუთარი თავის რწმენა და სიყვარულის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანია. საკუთარი თავის რწმენით იგებს ყველა ომს და თუ აგებ, მაინც გამარჯვებული აგრძელებ გზას.

 

ძალიან დიდი ხანი არ ვყოფილვარ წყალტუბოში. “შახტიორისადაც ბავშვობა გავატარე დანგრეულია. ჩემი გმზრდელი ბებოები აღარ არიან. ჩემი მეგობრები სხვაგან ცხოვრობენ. აქედან ერთერთი, ყველაზე ძვირფასის საფლავი მაქვს მშობლიურ ქალაქში. ამიტომაც არ გამირბის გული იქეთ, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩავედი და მივედი ქუთაისის ქუჩაზე. მოვიარე სამეზობლო, ვიკითხე ყველას ამბავი და შემდეგ ჩამოვჯექი თუთის ხესთან.არაფერი ისეთი გემრიელი არაა, როგორც ის თუთა, ქუთაისის ქუჩაზე.

იზიკო წლების წინ გარდაიცვალა. კიბოთი. ამბობენ იწვალაო და გული მწყდება, რომ მაშინ, ჯერ კიდევ პატარამ, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხე მისთვის. მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ მინდა , ყოველ ოთხშაბათს, საღამოს ათ საათზე, იზიკო უყურებდეს  იმას, რაშიც მან დამარწმუნა.

13.09.2018