კახა მაღრაძე – რა ჯობია კარგ კომუნიკაციას! 2018-05-24T10:43:27+00:00

კახა მაღრაძე – რა ჯობია კარგ კომუნიკაციას!

კომპანია „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი

„ერთი-ორი მარკშეიდერი ჩვენც ხომ უნდა გვყავდესო“ – ეს ფრაზა „ცისფერი მთებიდან“ სულ მახსენდება, როცა დღევანდელ საზოგადოებასთან ურთიერთობაზე მიდგება ლაპარაკი, აი, ჩვენთან მოფერებით პიარს რომ ეძახიან. მე თავად ამ საქმეს ვაკეთებ და პიარის სპეციალისტად ვმუშაობ უკვე 14 წელია, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში მიდგომა ჩვენი პროფესიისადმი არ შეცვლილა. გადაწყვეტილების მიმღებებმა და ხელმძღვანელებმა უბრალოდ იციან, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა საჭირო რამაა და ისიც უბრალოდ იციან, რომ ერთი-ორი პიარის სპეციალისტი უნდა ჰყავდეთ თანამშრომლად. ამის იქით ამ საქმიანობის აღიარება და გამოყენება, როგორც წესი, აღარ მიდის.

არა, როცა ორგანიზაციას პრობლემა ექმნება და როცა მისი სახელია დასაცავი, მაშინ, იცოცხლე, გვეძახიან და გვეხვეწებიან, გვთხოვენ და „ოღონდ ახლა ეს ამბავი მოვაგვაროთ“ ფრაზით, უამრავ რამესაც გვპირდებიან. მაგრამ, საინფორმაციო სივრცეში ხმაურის შეწყვეტისთანავე, ჩვენც ყველას ვავიწყდებით. არადა, სახვეწარიც არ უნდა ჰქონდეთ არაფერი სწორედ რომ უდგებოდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობას და ზოგადად, კომუნიკაციას.

მთავარი მაინც იმის გააზრებაა, რომ ადეკვატური კომუნიკაციის გარეშე წარმატებული ვერ იქნები. გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იქნები სტაბილური და მდგრადი (ეს სიტყვა ბოლო პერიოდში ნამეტანი შემიყვარდა), თუ არ იქნები გახსნილი და თუ არ გექნება დიალოგი შენს სამიზნე ჯგუფებთან, თუ სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და ადამიანებთან. სათქმელად ადვილია, მაგრამ შესრულება გვიჭირს. არ ვართ მიჩვეულები, არ „გვიზის კულტურაში“, როგორც იტყვიან ხოლმე. ვერ ვხედავთ მნიშვნელობას, არ ვენდობით საზოგადოებას. მოკლედ, არ გვინდა რა.

ჰოდა, ამხელა შესავლის მერე მაინც იქამდე უნდა მივიდე, რომ მივმართო და მოვუწოდო ახალგაზრდობას, მომავალ თაობას, რამდენიმე წელიწადში გადაწყვეტილების მიმღებები რომ იქნებიან და ქვეყანას „გადაიბარებენ“. თუ გინდათ, რომ გიცნობდნენ და თან კარგი სახელი გქონდეთ, თუ გსურთ, რომ თქვენმა ცნობადობამ და სათანადო რეპუტაციამ ხელი შეგიწყოთ და დაგეხმაროთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციასა და წარმატების მიღწევაში, ნუ დაიზარებთ და ნუ შეუშინდებით საზოგადოებას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მაინც ვერ დამალავთ ამ გარემოში ვერაფერს. პირიქით, შეეცადეთ, რომ თქვენი გახსნილობა თქვენსავე სასარგებლოდ გამოიყენოთ და აჯობეთ სხვებს გულწრფელ და სანდო კომუნიკაციაში.

საქმე იმაში კი არაა, რომ ერთი-ორი პიარის მენეჯერი, ან სპეციალისტი უნდა გვყავდეს და ხანდახან მათ გამოყენებაზეც უნდა ვიფიქროთ ხოლმე. საქმე კომუნიკაციის მნიშვნელობის გააზრებაშია. პირველ რიგში, ვისგან რა გინდათ, ის განსაზღვრეთ. შემდეგ საკუთარი თავი თქვენი აუდიტორიის და სამიზნე ჯგუფების მდგომარეობაში ჩაიყენეთ, მათი ინტერესები გაითვალისწინეთ და ზედმეტი პრანჭვა-გრეხვის გარეშე მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ, უპასუხეთ მათ კითხვებს, არ გაუბრაზდეთ, თუ ზედმეტად და ხშირად, უსამართლოდაც გაგაკრიტიკებენ. მოითმინეთ და საბოლოო ჯამში, ამითაც მოიგეთ. ბოლოსდაბოლოს, რა ჯობია კარგ კომუნიკაციას!

23.05.2018