გოგა ჩანადირი – მაშინაც არ ხარ მარტო, როცა მარტო ხარ 2018-05-08T23:55:45+00:00

გოგა ჩანადირი – მაშინაც არ ხარ მარტო, როცა მარტო ხარ

ფოტოჟურნალისტი

ერთი ია მინდორს ვერ გაალამაზებსო, მითხრა ნორა დეიდამ ასპინძიდან, როცა შორეთის ტაძართან ვნახე.

ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, გვეუბნება ცნობილი გამოთქმა.

როცა ეს ფრაზები გავიგონე, პროტესტი გამიჩნდარატომ არ შეიძლებოდა ერთს გარემო შეეცვალა?

მე ვამტკიცებ, რომ დიახ, ერთს შეუძლია ბევრი რამის შეცვლა.

ჯერ ჩემი შესაძლებლობები ვირწმუნე. მერე გავიაზრე, რა იყო საჭირო და აუცილებელი იმ გარემოსთვის, სადაც ყოფნა მიწევდა.

გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ არჩევანი ჩემს სახელმწიფოზე გავაკეთე, რადგან მისი სიძლიერე ჩემს სიძლიერესთან გავაიგივე.

გადავწყვიტე, ვყოფილიყავი კარგი მოქალაქე, ნაგავი ძირს არ დამეყარა, მეკითხა ბევრი წიგნი, პატივი მეცა სახელმწიფო ენისთვის და ბარბარიზმები არ გამომეყენებინა, სრულად დამეცვა მოძრაობის წესები, შემეძინა სამამულო ნაწარმი, მეცხოვრა ჯანსაღი ცხოვრების წესით, მევლო ლაშქრობებში და არ გავკარებოდი ნარკოტიკს.

ასევე, უარი ვთქვი შურსა და ლანძღაშეურაცხყოფაზე, ერთჯერადი ჭურჭელი და პოლიეთილენი საერთოდ ამოვიღე, რათა ნარჩენების წარმოქმნა შემემცირებინა და ასე შემდეგ.

ეს ყველაფერი ცხოვრების წესად მექცა.

ამან თავდაჯერება შემმატა. თუმცა, მივხვდი, რომ საკმარისი არ იყო, რადგან ვხედავდი, რომ ბევრი ადამიანი ასე არ იქცეოდა.

დავიწყე ამ იდეების მეგობრებში გავრცელება და გახორციელება. შემდეგ  სკოლებში გადავინაცვლე და მოსწავლეებს სამოქალაქო ფასეულობებისა და სახელმწიფოს ცნებაზე ველაპარაკებოდი. მათ ყოველთვის ვეკითხებოდი, რას ნიშნავდა სახლი და ოჯახი. როგორც ყოველთვის, ზუსტ პასუხს ვიღებდი. მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ ოჯახი იყო ადამიანთა ის ერთობა, რომელიც დედისგან, მამისგან, შვილისგან, შვილიშვილისგან, ბებიაპაპასგან და ასე შემდეგ შედგებოდა. ხოლო სახლი იყო ის სივრცე, სადაც ეს ერთობაოჯახი ცხოვრობდა. მაშინ მათ ვუხსნიდი, რომ ქვეყანა სწორედ სახლი იყო, სადაც ადამიანთა ერთობა ცხოვრობდა, რომელიც ინსტიტუტებისა და საზოგადოების სახით სახელმწიფოს წარმოადგენდა.

ამ მაგალითით სახელმწიფოს მნიშვნელობას ადვილად იაზრებდნენ.

მათ უკვე იცოდნენ, რომ თუ საკუთარ სახლში არ შეიძლებოდა ნაგვის დაყრა, სკამის დაჭრა ან ონკანის ღიად დატოვება, ეს ასევე არ შეიძლებოდა საკუთარ ქვეყანაში.

შეხვედრების შემდეგ ჩვენ სხვადახვა სოციალურ აქტივობას ვახორციელებდით.

მაგალითად, გამოვდიოდით მშობლიური ენის დასაცავად და სკოლებში ან სოციალურ ქსელებში ქართულ სიტყვებს ვწერდით, ხოლო ბარბარიზმებს ვხაზავდით. ასევე, გამოვდიოდით მოძრაობის წესების კულტურის პოპულარიზებისთვის და ასფალტზე შემოქმედებით ზებრახაზებს ვხატავდით. უარს ვამბობდით ნაგვის ძირს დაყრაზე და დასუფთავების აქციებს ვაწყობდით. ვიაზრებდით განათლების მნიშვნელობას და წიგნებს ვკითხულობდით და ვიხილავდით.

და ასე გრძელდება წლებია.

ერთ დღესაც სკოლის მოსწავლემ დამირეკა, ვისთანაც სამოქალაქო კულტურაზე 2 საათი მილაპარაკია და მითხრა, შუამთაში დასუფთავების აქციის მოწყობას ვაპირებთ და ხომ არ დამაკვალიანებთო.

მაშინ მივხვდი, რომ მარტო ნამდვილად არ ვიყავი, რომ სხვებსაც აწუხებდათ დანაგვიანებული გარემო.

ცხადია, დავაკვალიანე. ამის შემდეგ სხვა სკოლის მოსწავლემ დამირეკა, დედა ენის ძეგლთან ქართული ნივთების ბაზრობის გაკეთება გვინდა, ხომ არ მოგვეხმარებითო. დავთანხმდი და როცა ბაზრობაზე მივედი, ვნახე, რომ მოსწავლეებს ხელნაკეთი ნივთების საყიდლად მშობლები მოეყვანათ. ყველაფერი გაიყიდა და მშობლებმა ქართული ნაწარმის ყიდვის მნიშვნელობა გააცნობიერეს.

ერთერთი სკოლის მოსწავლეებმა წიგნების შეგროვება ითავეს და შატილის სკოლას გაუგზავნეს.

ახლა აღარ ჩამოვთვლი, კიდევ რამდენი გააკეთეს იმ მოსწავლეებმა, რომლებთანაც შეხვედრებს ვაწყობდი. ისინი ყოველდღე დგამენ ნაბიჯებს, რომ კარგი სახლი ჰქონდეთ და კარგი ოჯახის წევრები იყვნენ.

და მე ყოველდღე თავდაჯერებულობა მემატება, რადგან, ვხედავ, რომ ბავშვები ისრუტავენ სახელმწიფოს მნიშვნელობას და მზად არიან შეცვალონ გარემო, რომელიც მეც, მათსავით და თქვენსავით მინდა, რომ უკეთესი იყოს.

დიახ, ერთ იას შეუძლია მინდვრის გალამაზება, ერთ მერცხალს კი გაზაფხულის მოყვანა.

მთავარია, გჯეროდეს, რომ მაშინაც არ ხარ მარტო, როცა მარტო ხარ და ყოველთვის შეგიძლია რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლა.

09.05.2018