სოფიო ხუნწარია – „გამორთე ტელევიზორი – ჩართე არტარეა ტვ” – ასე დაიწყო ყველაფერი 2018-04-02T17:55:03+00:00

სოფიო ხუნწარია – „გამორთე ტელევიზორი- ჩართე არტარეა ტვ” – ასე დაიწყო ყველაფერი

ArtareaTV-ის ყოფილი ხელმძღვანელი

„გამორთე ტელევიზორი- ჩართე არტარეა ტვ” – ასე დაიწყო ყველაფერი.

2012 წლის მაისში, ამ ფრაზით დაიბადა არტარეა.

12 ბლოგერით და 12 ვიდეო ბლოგერით – ალტერნატიულმა, თავდაჯერებულმა და ჯიუტმა მედიამ, მაუწყებლობა დაიწყო მათთვის ვისთვისაც სულერთი არ იყო.    ერთ წელიწადში არტარეას გარშემო უკვე ასობით მომხმარებელი და ათობით ავტორი გაერთიანდა. შეზღუდული ტექნიკური რესუსრსის  მიუხედავად იქმნებოდა ის, რისიც ავტორებს სჯეროდათ და უზიარებდნენ მათ, ვინც ამას მიიღებდა.

ვეცადეთ დაგვერღვია სტანდარტი და მედია შეგვექმნა მთავარი გმირების, ჟურნალისტების გარეშე და მთხრობელები ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ სფეროში იყვნენ გამორჩეულები .

ფორმულამ გაამართლა.

ინტერნეტ მაუწყებელს დაემატა ღია სივრცე და არტარეა უკვე ხელშესახები მედია გახდა. მომხმარებელს არამარტო თვალყურის დევნება არამედ პროცესში ჩართვა შეეძლო. ჩვენ გავხდით ხელშესახები მედია. ლექციები, ღია კონცერტები, გამოფენები – მედია, რომელიც არამხოლოდ მაუწყებლობს არამედ რეალურად ქმნის და ტოვებს მის ნაკვალევს.

უკვე ორ წელიწადში არტარეა საკაბელო არხი გახდა. ამჯერად უკვე სამი პლატფორმა ერთიანდება- ინტერნეტი- რეალური/სახელოვნებო სივრცე  და ტელევიზია.

არხი კულტურაზე,   ქართული ტელესივრციდან განსხვავებული ფორმატით იწყებს მაუწყებლობას.

მაყურებელი, რომელიც ეძებს სიახლეს, უნდა განსხვავებული, მშვიდი და ამავდროულად დინამიური, ეძებს ალტერნატიულს და ირჩევს პოზიტიურს ჩვენთან ჩერდება და შემდეგ რჩება. ის არამარტო ეკრანთან ჩერდება არამედ უკვე ახალ პროექტებში ერთვება. ერთად დავდივართ თბილისის ქუჩებში და თბილისის ტურის საშუალებით ვეცნობით ჩვენი ქალაქის ისტორიას, ერთად შევდივართ ძველი თბილისის ეზოებში და ახალ აღმოჩენებს ვაკეთებთ ჩვენი ქალაქის შესახებ. „თბილისური ეზოები” უალტერნატივო პროექტი გახდა, რომელსაც უკვე ასობით ადამიანი ესწრება. მუსიკისა და დოკუმენტური ლიტერატურის სინთეზი, ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს, რომ შევიგრძნოთ ჩვენი ისტორია, ამაღლდეს ჩვენი ცნობიერება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ და შევეხოთ კულტურას.

მუსიკა, ლიტერატურა, ვიზუალური ხელოვნება, ფოტოგრაფია, არქიტექტურა…. ,  საგანმანათლებლო პროგრამები, ხელოვნებასაა და ხელოვანებზე დოკუმენტური ფილმები, კონცერტები და ახალი ამბები კულტურაზე.  100-ზე მეტი საგანმანათლებლო ღონისძიება, 35 თანამედროვე ხელოვნების გამოფენა არტარეა გალერეაში, 48  თანამედროვე მუსიკის ლაივები (LIVE@TWLIGHT), 30-ზე მეტი ურბანული სახელოვნებო- საგანმანათლებლო ღონისძიებები (თბილისური ეზო/თბილისის ტური.) ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც დღეს არტარეა აერთიანებს.

ვეცადე მოკლედ მომეყოლა, ის რასაც დღეს არტარეა წარმოადგენს, როგორ დავიწყეთ და როგორ განვითარდით. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამბობენ, კულტურა ნიშაა, პატარა ადგილი, რომლითაც შეიძლება ცოტა დაინტერესდეს, თუმცა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბევრნი ვართ, ძალიან ბევრი და სულ უფრო ვიზდებით, გვემატებიან ისინი ვინც ჩვენნაირად ფიქრობს, ტკივა და უხარია.

დავამტკიცეთ ისიც, რომ დიდ მიზნებამდე ყველაზე მნიშვნელოვანს – იდეას მიყავხარ და ადამიანებს, რომლებსაც ჯერათ შენი, რაც არ უნდა ცოტა იყვნენ თავიდან.

გვიხარია, ის, რომ ჩვენ ანგარიშგასაწევი და მისაბაძი მედია გავხდით – სხვანაირად დიდი არხების ეკრანებზე არ მოხვდებოდა მსგავსი პროექტები და ფორმატები.  

5 წლის თავზე გეტყვით, იმას, რომ ჩვენ არ გავჩერდებით და თქვენთან ერთად ყველაზე გამორჩეულ, საჭირო, სასარგებლო ფორმატებს და პროექტებს შევქმნით რადგან თქვენ ჩვენთვის ინდივიდები, ადამიანები ხართ და არა მხოლოდ მაყურებელი.

5 წლის თავზე, გეტყვით იმას, რომ მეტად დავდგებით ფეხზე, არ შეგვეშინდება სირთულეების, რადგან  მთავარი შიში, რომ არ მიგვიღებდით უკვე გადავლახეთ.

5 წლის თავზე გეტყვით იმას, რომ მოვალთ ყველა ქუჩაზე,  ეზოში სახლში და ჩაგკიდებთ ხელს, რომ ჩვენ თქვენ გამოგყვეთ და თქვენ ჩვენ.

5 წლის თავზე გეტყვით იმას, რომ გადმოერთეთ არტარეაზე და ჩვენ ერთად ვივლით იქ სადაც სულერთი არ არის.

და მათ ვისთვისაც ეს ბლოგი იქმნება ვეტყვი იმას, რომ რასაც არ უნდა აკეთებდეთ იგრძენით მისი გულისცემა, გაყევით იდეას. იოცნებეთ, დაარღვიეთ ყველა არსებული სტანდარტი, იფიქრეთ ახალზე, განსხვავებულზე, დაუშვით შეცდომა და მაინც გააგრძელეთ.

და ბოლოს  შეეხე კულტურას, გადმოერთე არტარეაზე და  ჩაგვკიდე ხელი.

ეს თქვენთვისაა, მათთვის ვისთვისაც სულერთი არ არის.

27.02.2018