ეკა მაზმიშვილი – „მთვარეს მეორე მხარე აქვს. მხარე, რომელსაც ვერ ვხედავთ“
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი
არჩევანი ჩვენზეა – მთვარის ერთ მხარეზე ვიყოთ ორიენტირებულები მუდამ თუ ცოტა შეუძლებელი შევძლოთ – მთვარის მეორე მხარეს შევეხოთ ხელით.
თეატრს ეს შეუძლია.
წარმოვიდგინოთ, რომ თავგადასავალი ასეთია:
სადღაც კაფეში ან სახლში, შეიძლება მანქანაში გზაზე, სხვებიც არიან შენთან ერთად. და აი ყვებიან, ყვებიან ემოციას, რაც თეატრში რაღაც სპექტაკლმა გაუჩინა. ყვებიან აზრს, რომელიც მათ ტვინში მას მერე თუხთუხებს – „დღემდე ვფიქრობო“ – თუნდაც 10 დღის ან 1 თვის წინ ნანახი სპექტაკლი იყოს. ემოცია კი გადამდებია. აზრი შენც გიჩნდება- მაშინვე ეძებ ინტერნეტში იმ „სპექტაკლს“ და ყიდულობ ბილეთს (ვიმედოვნებთ, რომ ბილეთი არის). მერე ელოდები იმ თარიღს, იმ სპექტაკლს და ლექციიდან გარბიხარ მანქანებით დახუნძლული ქუჩების გასწვრივ, სამარშრუტო და ლურჯი ავტობუსების ფანჯრებს იქიდან – რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში. გარბიხარ. ზუსტად დროზე ადგილზე ხარ, შედიხარ, ჯდები ბილეთით შენთვის განკუთვნილ სკამზე (სავარუდოდ, მეგობარიც გყავს აყოლიებული) და … აი, დამთავრდა შენი ჩვეულებრივი ცხოვრება: მეხისერებიდან ქრება ყველაფერი, რაც შენს სამყაროსთან გაკავშირებს და შენი გონი მხოლოდ იმითაა დაკავებული, რაც სცენაზე ხდება… და ნელ-ნელა თანამონაწილე ხდები. შენ ხარ ჰამლეტი და არ იცი, როგორ მოიქცეოდი მის ადგილას – ფიქრობ… შენ ხარ, რა თქმა უნდა შენ ხარ ტიბალტი – ძალიან მომხიბლავია; შენ ხარ ან არ ხარ „ხალხის მტერი“, ბაკულას ღორები გიშლიან ხელს და გიფუჭებენ ყველაფერს; ეწინააღმდეგები „ტარტიუფს“ ან დოკუმენტური ტექსტი შენი დაწერილია, თითქმის… განათება გნუსხავს და ფერიც მთლიანად გიპყრობს; მუსიკა ამძაფრებს და ტექსტი უკვე ისე ჩაგესმის, თითქოს შენია… შენი ემოცია გმირების ემოციას მიყვება, იზრდება, კლებულობს, იზრდება ისევ და აი იბადება ის ჯადოსნური წამი, რის გამოც კვლავ უკან დაბრუნდები, თეატრში – მაყურებლის და მსახიობის თანხვედრა. საზღვარი აღარაა სცენასა და დარბაზს შორის – უკვე გამქრალა და „მთელი სამყარო თეატრია”…
ჰოდა მერე, დასასრული გაფხიზლებს. აი სახლში უნდა წახვიდე უკვე. მაგრამ ისეთი აღარ ხარ, როგორიც მოხვედი – განსხვავებული ხარ. იფიქრე ის, რაც აქამდე არ გიფიქრია; აღმოაჩინე ახალი ემოცია საკუთარ თავში; დარწმუნდი შენთან ერთად ერთ რაღაც საკითხზე სხვაც ფიქრობს ოღონდ მისი აზრი შენსას არ ემთხვევა; და ეს მოგეწონა კიდეც; მოგეწონა, რადგან განახლების შესაძლებლობაა; თავისუფლების ის ხარისხი, რომელსაც მარტო და შენით ვერ მიაღწევ თუ არა თეატრი, თუ არა თეატრის სიმამაცე და არტისტების გამბედაობა.
და აი, მოდიხარ თეატრიდან, ვთქვათ სახლში მიდიხარ – კვლავ ლურჯი ავტობუსის სკამზე მოკალათდი და ის სამყაროც, ის ტექსტიც, ის მიმიკა და მოძრაობა მოგყვება თან…
მერე კი, აუცილებლად გინდა თავიდან გაიარო ეს გზა და კვლავ გახდე ახალი იდეის და ესთეტიკის თანაზიარი – შენ უკვე მეტი იცი, მეტი შეგიძლია ვიდრე გუშინ, სანამ სპექტაკლს ნახავდი… შენი სამყაროც უფრო ფართოა და უფრო მრავალფეროვანი…
და ეს არის სწორედ თავგადასავალი, რომელიც ამოგაგდებს ყოვლდღიურობიდან, რუტინიდან, რომელიც უფრო მეტ კითხვას გაგიჩენს, ვიდრე აქამდე გქონდა; არა – პასუხებს არ შემოგთავაზებს – მხოლოდ მიგანიშნებს.
ესაა გზა დაინახო მთვარის მეორე მხარე – თეატრი. თეატრი, რომელიც უკეთესს გაგვხდის.
19.02.2018