ალექს ჩიქოვანი – ორნი 2018-04-02T17:57:02+00:00

ალექს ჩიქოვანი – „ორნი“

სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE – ის დამფუძნებელი

რას შვრები, უძლებ? – ყველა ამას მეკითხებოდა, როდესაც ინგლისში სასწავლებლად ვიყავი. ვისაც ინტენსიური მეცადინეობის პროცესი გამოცდილი აქვს, ყველამ იცის, რომ სწავლა, გონებრივთან ერთად, საკმაოდ მძიმე ფიზიკური შრომაც არის და, დიახაც, მეცადინეობას დიდი ჯანი, ნებისყოფა და გამძლეობა სჭირდება, მიუხედავად იმისა, ადამიანს უყვარს თუ არა სწავლა.

თუმცა, შეუძლებელია სწავლა არ გიყვარდეს, რადგან ჩვენ ხომ მუდამ ახლის შეცნობისა და სრულიად უცხო სამყაროს აღმოჩენისკენ ვისწრაფვით. სწავლის პროცესში ყველაზე სახალისო შენი გაკეთებული აღმოჩენებია, თუმცა თუ გაგიმართლათ და შემეცნების გზაზე კარგ მასწავლებელს შეხვდით,  ჩათვალეთ, რომ ეს ბედის საჩუქარია და სათანადოდ დააფასეთ იგი.

მე ეს ყველაფერი გამოვიარე და ახლაც გზაში ვარ, რადგან სწავლა არასოდეს მთავრდება და ნურც ნურასდროს შეეცდებით დაამთავროთ! სწავლა სიამოვნებაა, სწავლით უნდა დატკბეთ!

უკვე გითხარით, რომ სწავლა, გონებრივთან ერთად, ფიზიკური აქტივობაცაა. სპორტი ანუ ფიზიკური და სწავლა ანუ გონებრივი მდგომარეობა ჩემთვის ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და ცალ-ცალკე მათი არსებობა წარმოუდგენელია – ორივე გეხმარება იყო უკეთესი! როგორც კარგი მოსწავლე, ისე კარგი სპორტსმენი, ყველაფერში სრულყოფილებისკენ ისწრაფვის და ცდილობს, საუკეთესო იყოს იქ, სადაც არის და სწრაფად მიაღწიოს იმ ადგილს, სადაც უნდა რომ იყოს. ამიტომაც, სპორტი და სწავლა ჩემთვის ერთმანეთის შემავსებელი, უწყვეტი ციკლის მქონე საერთო ფენომენია. აკი უთქვამს ჭკვიან ხალხს – მხოლოდ გონების, ან მხოლოდ სხეულის ვარჯიში წარმატებისთვის საკმარისი არ არის, ორივე უნდა ავარჯიშო, რადგან ისინი ერთმანეთს ავსებენ და ეხმარებიანო.

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე / საქართველოს რაგბის კავშირი

ზოგჯერ გავიგონებ ხოლმე – მივიყვან ბავშვს სპორტზე, დავაკავებ, ენერგიას დახარჯავს… კი, ბატონო, დახარჯავს და მერე როგორ! მაგრამ სპორტი მხოლოდ ბავშვის თავისუფალი დროის გასაყვანად კი არ არის საჭირო, არამედ იგი მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს – ეს გარდაუვალი აუცილებლობაა!

რას გვაძლევს სპორტი, ამაზე უამრავი დაწერილა და თქმულა, მაგრამ მინდა, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი ვთქვა: სპორტული აქტივობა ტვინის უჯრედებს ავითარებს, რადგან ამ დროს ტვინს გაცილებით მეტი ჟანგბადი მიეწოდება, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში; სპორტი აწრთობს მებრძოლ სულს ადამიანში, რომლის მთავარი შემადგენელი თვითდისციპლინა, შრომისმოყვარეობა და მტკიცე ხასიათია. მებრძოლი სული კი, ნიჭზე მნიშვნელოვანია, რადგან  სწორედ ის ეხმარება ადამიანს წარმატების მიღწევასა და საქმის ბოლომდე მიყვანაში, მისი გამომუშავების ყველაზე ეფექტური  სპორტული გზა კი, ჩემი აზრით, რაგბია!

თუმცა, მთავარია, სპორტით დაკავდე, იმოძრაო და საკუთარ თავზე იმუშაო, რომელი სახეობა იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე, პირადად, სპორტის გუნდური სახეობები მირჩევნია, მაგრამ არც ინდივიდუალურ სახეობებს დაეწუნებათ რამე.

სპორტისა და სწავლის ერთობის სიკეთეზე ჩემი ისტორია მინდა მოგითხროთ: მე სრულიად გააზრებულად და ჩემივე უდიდესი სურვილით წავედი ინგლისში სასწავლებლად, ვიცოდი რომ მძიმე შრომა მელოდა, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი – მოგვიანებით გაირკვა, თურმე მეგონა, რომ მზად ვიყავი.

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე / საქართველოს რაგბის კავშირი

სწავლის პროცესი ძალიან რთული, იმაზე მეტად ინტენსიური და დატვირთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. რამდენჯერმე სერიოზულადაც კი ვიფიქრე დანებება – ყველაფრის მიტოვება და სახლში დაბრუნება, მაგრამ რაღაც მაკავებდა და მაძლებინებდა და ეს „რაღაც“ ჩემი სპორტული, კონკრეტულად კი, სარაგბო წარსული იყო.

რაგბიში დანებება უდიდესი სირცხვილია – „არ შემიძლია“, „ვერ ვიზამ“ გამორიცხულია – ძალა უნდა გამონახო და არავითარ შემთხვევაში დანებდე! ვერც მე დავბრუნდებოდი სახლში დანებებული და დამარცხებული. როგორც ერთმა ცნობილმა სპორტსმენმა თქვა, დანებებით თავს უკეთ ვერ იგრძნობ, ამიტომ ჯობია, ისევ ბრძოლა გააგრძელოო. ალბათ იმაშიც დამეთანხმებით, იმაზე ტკბილი გრძნობა ცოტა თუა ქვეყანაზე, როცა „არ შემიძლიას“ გადააბიჯებ (იმედი მაქვს, ეს ერთხელ მაინც განგიცდიათ და მინდა, ბევრჯერ განიცადოთ), გასაკეთებელს მაინც გააკეთებ და სასურველ შედეგს მიაღწევ – ეს ხომ შენს ყველაზე დიდ მოწინააღმდეგესა და მტერზე, საკუთარ თავზე გამარჯვებაა! დამიჯერეთ, ხშირად, საკუთარ თავზე გამარჯვება ყველაზე დიდი და საკმარისი გამარჯვებაა, რადგან თუ საკუთარ თავს მოერიე, სხვა ვეღარასოდეს მოგერევა!

ჰოდა, მეც არ დავნებდი და გავაგრძელე, ცოდნას შეჭიდებულს კი, ძალიან ხშირად, სწორედ ვარჯიში გადამარჩენდა ხოლმე – ვარჯიში ხომ სტრესს ხსნის და ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფს, ოცსაათიანი მეცადინეობის შემდეგ კი, დამერწმუნეთ, ეს ნამდვილი ხსნაა!

მეც გავაგრძელე ჩემი ბრძოლა და გავიმარჯვე კიდეც – სწავლა წარმატებით დავასრულე და ამით გამოწვეული სიამაყის საოცარი შეგრძნება დღემდე მომყვება! იცით რატომ? – იმიტომ, რომ ასეთ წარმატებას არათუ სხვები, პირველ რიგში, საკუთარი თავისგან თავადაც არ ველოდი – ეს იყო ჩემი პირველი დიდი გამარჯვება საკუთარ თავზე! სწორედ მაშინ მივხვდი კარგად რას ნიშნავდა “კენწეროში გატკბილდების”.

აქვე გეტყვით, რომ ვარჯიშს, სხვა ყველაფერთან ერთად, ცოდნა უნდა – ისე უნდა ივარჯიშო, რომ არ შეგძულდეს, მოტივაცია იგრძნო და პროცესი ხალისით გაარძელო. სწორედ ეს მომცა სპორტმა, კონკრეტულად რაგბიმ – ვიცოდი, როგორ მევარჯიშა და მეშველა ჩემი თავისთვის.

ისე, რაგბიმ კიდეც ბევრი რამ მომცა – მშობლის ამაგს ვერაფერს შევადარებ, მაგრამ ეს სპორტი ჩემთვის მას ბევრად არ ჩამოუვარდება –  ამაზე საუბარს არც ერთი ბლოგი ეყოფა და არც ათი, ამიტომ, სხვა დროს იყოს…

ბოლოს კი მინდა ყველაზე მთავარი გითხრათ: ძალიან მაბრაზებს და მაღიზიანებს, როცა მესმის – სწავლა და სპორტი ერთად არ გამოვა, ან სპორტი, ან სწავლა აირჩიე! მესმის, რომ ამაში, ძირითადად, პროფესიულ სპორტს გულისხმობენ, მაგრამ ვერ ვხვდები, უბრალოდ ვარჯიშს რა უდგას წინ?! იმაშიც მინდა დაგარწმუნოთ, რომ სწავლა და პროფესიული სპორტი შესანიშნავად გამოდის ერთად, თუ ეს მთელი გულით გინდა! ამიტომ არ დაიჯეროთ ფრაზა „არ გამოვა“ – ყველაფერი ძალიან კარგად გამოვა, თანაც აუცილებლად! ივარჯიშეთ, რომ ისწავლოთ, ისწავლეთ, რომ უკეთ ივარჯიშოთ, იყავით გონებრივად და ფიზიკურად ძლიერები, არ დანებდეთ, გამოიმუშავეთ მებრძოლი სული, პრობლემაში იპოვეთ შესაძლებლობა და გაიმარჯვეთ!

კიდევ ერთხელ გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, არავის დაუჯეროთ, რომ სწავლა და სპორტი ერთად არ გამოვა! – მიაწვაააააააა!

06.02.2018

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე / საქართველოს რაგბის კავშირი