CSR

ნინო ჟიჟილაშვილი – სტუდენტობა

ნინო ჟიჟილაშვილი – სტუდენტობა

ჟურნალისტი, კავკასიის მედია სკოლის დეკანი

წინა ცხოვრებაში ფილოლოგი ვიყავი. თსუ დავამთავრე. ჩემი გონება და ემოცია ისეა მოწყობილი, რომ შორეულ ვადაში პოზიტიურ ამბებს უკვეთესად ინახავს, ამიტომ არ დავიძალებ საეჭვო ფაილების ჩაღრმავებას და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ 90-იანების I კორპუსიდან ყველაზე დიდ სინათლედ მეხსიერებაში რეზო სირაძე და ლევან ბერძენიშვილი მყვანან შემონახული. ასევე, უნივერსიტეტის ეზო და დიდი მეგობრობა. ადგილი, სადაც ყველანაირი ამბავი, კარგად გადამუშავების შემდეგ, საოცარი ისტორიების თაროებზე იდებოდა.

როცა ხელში ფილოლოგის დიპლომი დავიჭირე და გავიხედ–გამოვიხედე, გავიხსენე, რა მინდოდა 5 წლის წინ, ამ კორპუსს რომ მოვადექი. ზუსტად ვერაფერი გავიხსენე, გარდა ეროვნული მოძრაობისა, აღტყინებისა, მიტინგების ნატურალური ხმებისა და საბჭოთა სკოლიდან გამოსული მოზარდის პათეტიკური სურვილებისა. მოკლედ, დიპლომირებულმა ფილოლოგმა აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რაღაც სხვაც მინდოდა.

აკადემიურად სწავლის ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში მოგვიანებით კიდევ ერთხელ 10 წლის შემდეგ, დადგა. უკვე პრაქტიკოსი და ქაოტური ჟურნალისტის მოწესრიგებულ სტუდენტად ქცევა შვედეთის განათლების სისტემამ ითავა. იქ აქაურობისგან ძალიან განსხვავებული ამბები ხდებოდა. მაგალითად, დოქტორი სტიგი ჩვენთან ერთად ყავას სვამს; დოქტორი როლანდი შაბათ–კვირას საკუთარ სახლში გვპატიჟებს და სუფრას გვიშლის; მენეჯერი მარია მხოლოდ ჩვენით არის დაკავებული, ეკითხები თუ არა, მაშინვე გპასუხობს; კლასში ყველა ფერისა და აღმსარებლობის ხალხი მყავს – ერთმანეთის ამბებით ვცხოვრობთ, პალესტინის, რუანდის, პარაგვაის, იორდანიის… – 20 სხვადასხვა ქვეყნის ცხოვრებით. ვკითხულობთ ბევრს, ვმსჯელობთ უფრო ბევრს, ვწერთ და ვწერთ… ყველაფრისთვის აუცილებლად ვადის დათქმით. დედლაინი ლექტორთან მეგობრობის მიღმაა.

მას მერე კიდევ 10 წელი გავიდა. ახლა მე თვითონ ვმუშაობ უნივერსიტეტში. კავკასიის მედიის სკოლა მაქვს მობარებული. სულ ვცდილობ, სტუდენტებმა პირველ რიგში ის იგრძნონ, რისი გემოც მე საკმაოდ გვიან გავიგე: დამოუკიდებლობის, თანასწორობის, განსხვავებული აზრის მიმღებლობის, თავისუფლების, პასუხისმგებლობის. ძალიან მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში, სადაც საშუალო სკოლების დერეფნებში ხშირად საპირფარეშოს სუნი შემოგეგებებათ; სადაც საბჭოთა განათლების სისტემის ტყვეობაში ან საეჭვოდ მოტივირებული ჯგუფები გეტყვიან, რომ თქვენი სივრციდან განსხვავებული უნდა გააძევოთ; სადაც ხელისუფლებები მუდმივად შეეცდებიან ძალაუფლების უვადოდ შენარჩუნებას, იყოს კუნძულები, სადაც ინდივიდები იმოძრავებენ და საკუთარ ქვეყანას სახლივით მოაწყობენ. ასეთი კუნძულები მრავლდება. ცოტა ნელა, მაგრამ მაინც.

ჩემი სტუდენტობის ისტორიამ მასწავლა, რომ მთავარი არ არის რა ფერის იქნება დოკუმენტი, სახელად დიპლომი. მთავარია ფიქრის უნარის, კრიტიკულობის სურვილის და მოქალაქეობრივი მიდგომების გამომუშავების პროცესი. პროფესია ყოველთვის მოვა. თუნდაც როგორც ჩემთან, 5 წლის დაგვიანებით.

27.04.2018


Posted

in

by

Tags: