CSR

ნათია იორდანიშვილი – „ვისია ტყე?”

ნათია იორდანიშვილი – „ვისია ტყე?”

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე

დაკვირვებიხართ? მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები წუთში რამდენიმე კითხვას სვამენ, თითქმის არასდროს კითხულობენ ვისია ტყე, ხეები, მწვანე მდელო, ლამაზი ყვავილები…

და თუ მაინც კითხულობენ, მხოლოდ იმის დასაზუსტებლად – ეს ტყე ბაჯბაჯა დათუნიას, მელაკუდას თუ ბრაზიან მგელს ეკუთვნის. როგორც წესი, იქვე უჩნდებათ სურვილი რომ ეს ტყე მათია, ეს ლამაზი ხეები და მინდორ-ველიც მათია და როგორც შეუძლიათ ისე უნდა მოუარონ. ბრაზდებიან როდესაც ვინმე „მათ“ ყვავილებს, ხეებს ეხება, წყვეტს, ან ტოტს ამტვრევს, დაუდევრად მიმოფანტავს კანფეტის ან ნაყინის ფერად ქაღალდებს და მორბიან ჩვენთან ცრემლიანი თვალებით…

შემდეგ მოზრდილები სკოლაში ვიგებთ, რომ ტყე დედამიწის ფილტვები და ჩვენი სიცოცხლისთვის აუცილებელი ჟანგბადის წყაროა. ზოგიერთი ამის სრული გაცნობიერებით, ზოგი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სახალისოა – სიხარულით ვრგავთ ნერგს სადაც კი ამის საშუალება მოგვეცემა.

აი, დიდობაში კი ვფიქრობთ, რომ ტყეზე ზრუნვა მთლად ჩვენი საქმე არაა და მიუხედავად იმისა, რომ ვტკბებით მისი სილამაზით, ვიღებთ მისგან სარგებელს და ვიცით კიდეც მისი მნიშვნელობა-დანიშნულება, ვფიქრობთ, რომ მასზე ზრუნვა და მოვლა პატრონობა მხოლოდ მეტყევის, ტყის მცველის, ბოტანიკოსის ან სულაც ჩვენი მეზობლის საქმეა. ზოგს ყოველდღიურ რუტინაში გაბმულს უბრალოდ გვავიწყდება ტყეში სეირნობით ბავშვობაში მიღებული სიხარული და ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებაში გვავიწყდება უმთავრესი – ვიყოთ #ბუნებისგულშემატკივარი, იმ ბუნების და გარემოსი, რომელზე ზრუნვაც ავტომატურად ნიშნავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი გარემოს შენარჩუნებას, ჯანსაღ მომავალს.

მიუხედავად იმისა, რომ ტყე „ჩემია“, ჩემი პროფესიის მნიშვნელობასაც საკმაოდ გვიან მივხვდი, არა უნივერსიტეტში სწავლების დროს, არც დისერტაციაზე მუშაობისას – მაშინ მეც ყველასავით ვიღებდი სიამოვნებას ტყეში სეირნობით და უბრალოდ, სხვებზე ოდნავ მეტად მაინტერესებდა ტყის სამყაროს დამალული მხარე – ხეების ცხოვრების და განვითარების საიდუმლოებები. მოგვიანებით, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მცირეტყიან და ხრიოკ კუთხეში ჩემ მიერ დარგული ხეები გახარებული და გაზრდილი დამხვდა, როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ ვიხილე სრულიად შეცვლილი ლანდშაფტი, გარემო, მიკროკლიმატი და რაც მთავარია, შეცვლილი ადამიანები – მივხვდი, რომ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე შენზე დაკისრებული მოვალეობის კარგად შესრულება, ეს გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო და ეს ყველაზე მაგარი რამაა, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს იმ გარემოსთვის რომელშიც ცხოვრობს, იმ მომავლისთვის რომელიც სურს. უბრალოდ უნდა ვეცადოთ და მივხვდეთ, რომ ტყე ჩვენია, ყველასია და ის მუდამ იქნება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც და მასზე ზეგავლენის მომხდენიც.

1971 წელს 21 მარტი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ტყის საერთაშორისო დღედ იქნა აღიარებული. ეს იყო მცდელობა, უფრო ფართოდ მიექციათ საზოგადოების ყურადღება, ადამიანები დაფიქრებულიყვნენ იმ გარემოს მნიშვნელობაზე, რომელშიც ცხოვრობენ და იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ხე მათი ჯანსაღი სიცოცხლისათვის.

პირველი მოწოდებაც სწორედ ასე ჟღერდა „გადით თქვენს მახლობლად არსებულ ტყეში, სკვერსა თუ პარკში, დატკბით სილამაზით, მიიღეთ ენერგია ხეებისგან და შეეცადეთ უფრო მეტი გაიგოთ მათზე“.

და თქვენ იცით?

რომ ტყეებს დედამიწის ხმელეთის თითქმის მესამედი უჭირავს და ხის 60 000-მდე სახეობაა ცნობილი, თუმცა, ბევრი სახეობა ჯერ კიდევ იდენტიფიცირებას საჭიროებს.

ეს ტყეები ყოველდღიურად მსოფლიოში მცხოვრებ 1,6 მილიარდ უღარიბეს მოსახლეობას საკვებით, წყლით, სუფთა ჰაერითა და არსებობისთვის აუცილებელი ეკოსისტემური სერვისებით უზრუნველყოფს.

ორი მრავალწლოვანი ხე ყოველწლიურად ოთხსულიანი ოჯახისათვის საკმარის ჟანგბადს გამოიმუშავებს.

ტყე აუმჯობესებს წყლის ხარისხს და ცირკულაციას, ხელს უწყობს წყლის ნაკადის წარმართვას, ნალექის რაოდენობის შემცირებას და ამცირებს ნიადაგიდან წყლის აორთქლებას;

ხის ფესვები აკავებს ნიადაგს, ამცირებს ეროზიების რისკს და ხელს უწყობს ნიადაგის საფარის აღდგენა-შენარჩუნებას, რაც ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილების გარდა ჩვენს საკვებს უზრუნველყოფს.

ჩვენს ქვეყანაში ტყეს ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 40% უჭირავს და ტყეების 98% მთის ტყეებს წარმოადგენს, რომლებიც მაღალი დაქანების ფერდობებზეა განფენილი და განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულება აქვთ (ნიადაგდაცვითი, წყალდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი და სხვა), საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელუხლებელი ტყეები და ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკოსისტემას წარმოადგენს.

როგორც დიდი ქართველი მეტყევე, სოლომონ ქურდიანი ამბობდა „ტყის სიმრავლე ერის სიმდიდრის მაჩვენებელია, ხოლო მათი მოვლა და მოხმარება – ერის კულტურის“ ამიტომ, ვეცადოთ ვისწავლოთ ბავშვებისგან და გვახსოვდეს, რომ ის ხეც, რომელიც ჩვენი ეზოს მესერს მიღმა დგას, იგივე ფუნქციას ასრულებს და ისეთივე ძვირფასია, როგორც ეზოში ბაბუას მიერ ბავშვობაში დარგული ასწლოვანი ცაცახვი, ან, ჩვენ მიერ ეზოს დასამშვენებლად მიმატებული პატარა ნერგები.

და გვახსოვდეს ისიც, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად დედამიწაზე ტყის საფარი 11 მილონი ჰექტრით მცირდება . . .

21.03.2018


Posted

in

by

Tags: