CSR

მარიშკა ჯავახაძე – “დაგვიანებული, მაგრამ მიანც ნასწავლი”

ფოტო – დავით ჭალიძე
მარიშკა ჯავახაძე – “დაგვიანებული, მაგრამ მიანც ნასწავლი”

კომპანია Quintessentiallly საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გვიან ხდება – სიმაღლეშიც, კლასში, ყველაზე გვიან გავიზარდე, კბილებიც ყველაზე გვიან მოვიცვალე და დიპლომიც ყველაზე გვიან, 28 წლისამ, ავიღე.

28 წელი ახალგაზრდა ასაკად მიიჩნევა, თუმცა ჩვენი სტანდარტებით ბაკალავრის ხარისხის მისაღებად ძალიან დაგვიანებულია. მახსოვს ის დისკომფორტი, როდესაც უნივერსიტეტში მისულს ასაკს მეკითხებოდნენ ჩემზე 6-7 წლით პატარა კურსელები და გაკვირებულები მიყურებდნენ. ვერ ხვდებოდნენ, 23 წლის ასაკში რატომ ვიყავი პირველ კურსზე. მე კი უხერხულობისგან დარცხვენილი ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ არაფერი არასადროსაა გვიან – მითუმეტეს, სწავლა; როგორ შეიძლება, განათლების მიღება ოდესმე დაგვიანებული იყოს?! მუდამ ვახსენებდი ჩემს თავს დავით გურამიშვილის სიტყვებს: „სწავლა სიკვდიმდე შენია“ და ასე ვცდილობდი ასაკის კომპლექსის დაძლევას.

ფოტო – ნატო ნიჟარაძე

სკოლა, სტანდარტულად, 17 წლისამ დავამთავრდე და იმავე წელს, სტანდარტულად, როგორც კარგი ოჯახის შვილს და შვილიშვილს შეეფერება უნივერსიტეტში ჩავირიცხე. სტერეოტიპულ აზროვნებას ვერსად გავექეცი და მთავარ მიზნად ჩაბარება დავისახე. არც კი დავფიქრებულვარ იმაზე, თუ რა მინდოდა მომავალში, რისი გაკეთება მომანიჭებდა ბედნიერებას – მთავარი იყო, დედა, მამა, ბებია, ბაბუა გამეხარებინა და ჩამებარებინა;  და, აი, ჩავაბარე კიდეც ბიზნეს ადმინისტრირებაზე და გავეშურე სრულიად უცხო ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში, ბიზნესის ხარისხის მისაღებად. პირველივე ლექციაზე მისული მივხდი, რომ ეს არ იყო ის, რაც მე მაინტერესებდა, თუმცა პასუხიმგებლობის თუ სირცხვილის გრძნობამ არ მომცა გამბედაობა, ოჯახისითვის გამემხილა, აღარ მინდოდა ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლა; უფრო მეტიც, არ ვიცოდი, რა მინდოდა. ზუსტად 2 წელი და 8 თვე დამჭირდა გამბედაობის მოსაკრებად და, აი, ერთ დღესაც გავამხილე, რომ აღარ მინდოდა ლონდონში დაბრუნება. ოჯახმა ეს ამბავი ძალიან ადექვატურად მიიღო და ჩემთან ერთად დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ჩემი მომავლისთვის. მოვიარე თბილისში არსებული თითქმის ყველა უნივერსიტეტი, ვესწრებოდი თავისუფალი მსმენლის სტატუსით სხვადასხვა ლექციას, ვცდილობდი, საკუთარი თავი მეპოვნა. ძიება დიდხანს გაგრძელდა. ერთ მშვენიერ დღეს კი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ბატონმა მარგველაშვილმა (მაშინ ჯერ კიდევ ჯიპას რექტორმა) მითხრა, რომ აპირებდა ბაკალავრიატის გაკეთებას ჯიპაში. მოკლედ ამიხსნა თუ რას ნიშნავდა „სოციალური მეცნიერებები“ და თითქოს ზუსტად იმას მიყვებოდა რასაც ამდენი ხანი ვეძებდი. ჯიპაში მისულს ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ეს ფაკულტეტი საჩუქარი იყო ჩემთვის და ამდენწლიან გაურკვევლობასა და ძიებას როგორც იქნა წერტილი დაესვა.

ის კიდევ ცალკე ამბავია, თუ როგორ შემაყვარა წიგნი ჯიპამ და ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა, თუმცა იმხელა გრძნობებსა და ემოციებს უკავშირდება, რომ ფურცელზე გადატანას ალბათ ვერ შევძლებ.

დედამიწას სიყვარული ატრიალებსო, წერს გურამ დოჩანაშვილი, მე კი დავამატებდი, სიყვარულთან ერთად დედამიწას განათლება ატრიალებს. წიგნმა და უნივერსიტეტში მიღებულმა განათლებამ შემაყვარა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი გარემო, დედამიწა. მასწავლა, რომ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ მას, რადგან ჩვენი სახლი მხოლოდ ჩვენი ბინით არ შემოიფარგლება – თითოეულ ხეს, ბუჩქს, ყვავილსა და ბალახს გაფრთხილება უნდა.

უნივერსიტეტში მიღებულმა განათლებამ გამაცნობიერებინა, რომ ადამიანები პასუხისმგებლები ვართ ყველა იმ ცოცხალ არსებაზე, რომლებიც მოვიშინაურეთ და რაკი მოვიშინაურეთ, უნდა ვიზრუნოთ კიდეც მათზე. სხვათა შორის, ზუსტად უნივერსიტეტში სწავლისას წავიკითხე ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ძაღლი“, არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“… დარწმუნებული ვარ, სწორედ სწავლამ და განათლების პროცესმა შემაყვარა ასე ცხოველები და ბუნება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ განათლება და სწავლა აჩენს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გრძნობებს როგორებიცაა ემპათია, თანაგრძნობა, თანადგომა, მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა, პატრიოტიზმი. ეს ყველაფერი განათლებას უკავშირდება.

წერა იმით დავიწყე, რომ ცხოვრებაში არაფერია გვიანი. ძალიან კარგია თუ გაგიმართლა და სკოლის დამთავრებისთანავე იცი რა გინდა ცხოვრებისგან, მაგრამ თუ ჯერ არ გიპოვია საკუთარი თავი, მაშინ იქნებ ჩემი მაგალითი გამოგადგეს.

პ.ს ახლა ამ ნაწერს მამასა და ბაბუს გადავუგზავნი, რომ გრამატიკულად შემისწორონ, თუმცა საჯაროდ ვდებ პირობას, რომ წერას უკეთ ვისწავლი. მერე რა, რომ უკვე 30 წლის ვარ, სწავლა ხომ მუდამ შეიძლება…

19.02.2019


Posted

in

by

Tags: